პარლამენტმა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი განცხადების მიღება 15 დეკემბრისთვის გადადო
რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვაში აფხაზეთში ხვალისთვის დაგეგმილი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებიც შევა.
შესაბამისად, პარლამენტმა ამ განცხადების მიღება მომავალი კვირის სამშაბათისთვის გადადო.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, ტერიტორიაზე, სადაც განხორციელდა ეთნიკური წმენდა და ფაქტობრივი ოკუპაციის რეჟიმში იმყოფება, ვერანაირი არჩევნები ვერ ჩატარდება და ამ პოზიციას იზიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც.
მისივე თქმით, ეს საკითხიც დაემატება განცხადებას, რომელსაც პარლამენტი სამშაბათს მიიღებს. განცხადებას დაემატება, ასევე, თხოვნა საერთაშორისო საზოგადოებისადმი, არ აღიარონ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები. ”არჩევნები” აფხაზეთში ხვალ გაიმართება.

























