ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024

იზრდება თუ არა დაპირისპირების საფრთხე 29 აპრილს პარალელური აქციების პირობებში

რაზე ისაუბრებენ კობახიძე და ორბანი - საქართველოს პრემიერი “კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების”კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

“ამერიკის დახმარება ფრონტზე ოპერატიულ გარდატეხას შეიტანს” - როგორ გამოიყენებს უკრაინა ახალ შეიარაღებას

* * *

იზრდება თუ არა დაპირისპირების საფრთხე 29 აპრილს პარალელური აქციების პირობებში

“ქართული ოცნება” პარლამენტის წინ შეკრებისთვის ემზადება, პარალელურად კი კვლავ უწყვეტია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეთა აქციები. ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ორ პარალელურ აქციას 29 აპრილს, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ კანონის მოწინააღმდგეები ორშაბათსაც გამოვიდნენ და აქციები ახლო ლოკაციებზე ჩატარდა, პროვოკაციები და დაპირისპირებები მოსალოდნელია. აქვე აღსანიშნავია, რომ 29 აპრილსვე საკანონმდებლო ორგანო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. “ქართული ოცნების” შეკრების სლოგანია - “არა შავ ფულს, კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!”. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ ბოლო პერიოდში გზის გადაკეტვის საჭიროება აღარ დგას, რის გამოც, გომელაურის უწყება ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, “სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით იზრდება თუ არა დაპირისპირების საფრთხე 29 აპრილს პარალელური აქციების პირობებში.

“რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, არის “ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 29 აპრილს დაანონსებული შეკრება ემსახურება იმას, რომ ყველას დაანახოს, სად დგას რეალურად ქართველი ხალხი. მისი განმარტებით, ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც კრიმინალთან აქვს კავშირი. “გვეუბნებიან, რომ დავემორჩილოთ რაღაც აზრებს, დოგმებს და მითითებებს. საუბრობენ, თითქოს რაღაც ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. ამაზე საუბრობს ის ხალხი, ვინც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან? ჩვენ უპირველეს ყოვლისა, ქართველ ხალხს ვესაუბრებით და ქართველ ხალხს წარმოვადგენთ”, - განაცხადა პაპუაშვილმა. “სტრატეგია-აღმაშენებლის” წევრი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს შეკრების დაანონსება, გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობაა, ყველას დაანახოს, რომ მათ ინიციატივას ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ეს იქნება “მიკროავტობუსების აქცია”, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობა, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბევრი მხარდამჭერი იცავს მათ ინიციატივებს. თავისით მოსულები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 დღეა უკვე ქუჩაში არიან გამოსულები, დანარჩენები ჩამოვლენ მიკროავტობუსები რაიონებიდან. “საჯარო მოხელეები რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ რომ “რუსული კანონი” მიიღეთო? უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. რუსული კანონის მიღება თუ მინდა და პროტესტს ვაპირებ და რად მინდა მიკროავტობუსების დაქირავება? რაიონში მიკროავტობუსი აღარ არსებობს, რომელიც გაქირავებული არ არის უკვე. მაგას დავარქმევ “მიკროავტობუსების აქციას”, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი”, - განაცხადა მანჯგალაძემ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თუ 29 აპრილს კანონის მოწინააღმდგეებიც გამოვიდნენ და აქციები ახლო ლოკაციებზე ჩატარდა, პროვოკაციები და დაპირისპირებები მოსალოდნელია. მისი თქმით, “ოცნების” მხრიდან მიმდინარე აქციების პარალელურად დიდი შეკრების დაანონსება ნიშნავს, რომ დაძაბულობის შემოტანა სურს საზოგადოებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ქართული ოცნება” აშკარად ცდილობს დაძაბულობა და დაპირისპირება შემოიტანოს. პოლარიზაცია მათი იარაღია, რომ დაძაბულობით თავი გაიტანონ. შეიძლება “ოცნებას” იმედი აქვს, რომ 29 აპრილს კანონის მოწინააღმდეგეებიც გამოვლენ, შეხლა-შემოხლა, ადგილზე დაპირისპირება იქნება. შემდეგ მწირი სპეცრაზმი, რომლებიც დიდი რაოდენობის ადამიანებს ვერ დაარბევენ, მაგრამ ხალხს გააშველებენ და მერე იტყვიან, რომ აი, ჩვენ ქვეყნის შიგნით მშვიდობა დავამყარეთო. ის საცოდავები, ვინც რეგიონებიდან ჩამოჰყავთ, ძირითადად საკრებულოებში მუშაობენ, ხელფასებზე სხედან და დიდხანს ვერ იქნებიან. ჩამოიყვანენ, საჭმელს აჭმევენ, 20-30 ლარს ჩაუჯიბავენ და უკან წავლენ. ეს “ოცნების” სამარცხვინო პოლიტიკაა, რადგან ამისთვის ღარიბ ხალხს იყენებენ, რომლებიც მოტივირებულები არ არიან, მათ ის აინტერესებთ ხელფასი აიღონ. ეს არა მათი, არამედ “ოცნების” ბრალია, რომ სიღარიბის კულტივაციას ახდენს, მას ღარიბი ხალხი სჭირდება. ახლა ვნახავთ როგორ იყენებს ამ სიღარიბეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ახალგაზრდების მოქნილობით და მოტივაციით აღტაცებული ვარ, რომ ევროპულ საქართველოზე ფიქრობენ. ამ ფონზე ძნელია რამე შესთავაზო, მაგრამ კარგი იქნება თუ 29 აპრილს ამ დაპირისპირებას გამორიცხავენ. “ქართული ოცნების” მიერ შეკრებილი ხალხი დიდხანს ვერ იქნება და თუ ამ დღით დაპირისპირება არ იქნება, ეს “ოცნების” მარცხი და ფიასკო იქნება, რადგან საზოგადოებაში დაპირისპირება არ გამოუვა. თუ 29 აპრილს ამ ხალხს დაუთმობენ, პრობლემა არაა და დანარჩენი დღეები ისევ კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეებისაა. კარგი იქნება თუ კანონის მოწინააღმდეგეების მხრიდან ეს თავიდან იქნება აცილებული. “ოცნების” აქციაზე რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხის გარდა, ასევე იქნებიან სპორტსმენები, რომლებიც “ოცნების” მხარეს არიან, ასევე, “ალტინფოს” ხალხი, გაფანტულები იქნებიან ულტრამემარჯვენეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი მოკლეს. იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც კანონის მოწინააღმდეგე მომიტინგეების დარბევას მოინდომებენ, კარგი იქნება თუ ეს ესკალაცია იქნება აცილებული”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

“თუ ოცნების მომხრეები რუსთაველზე იდგებიან, კანონის მოწინააღმდეგეები მაგალითად იყვნენ იპოდრომზე. რაოდენობით აჩვენონ თუ რამდენი იქნებიან, ოღონდ შორს უნდა იყვნენ რომ პროვოკატორები “ქართული ოცნებიდან” თავს არ დაესხნენ. რაკი “ოცნების” იმედი არ მაქვს, კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებთან ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ შეხლა-შემოხლა არ დაუშვან”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აღნიშნავს, რომ პარალელური აქციების პირობებში, დაპირისპირების საფრთხე იზრდება, რადგან “დესტრუქციული ნაცოპოზიციისგან ყველაფერია მოსალოდნელი”. “როცა “ნაცმოძრაობა” საჯარო სივრცეშია, იქ ყოველთვის დაპირისპირება, დესტრუქცია და ბოროტების გაღვივებაა. რასაკვირველია, 29 აპრილის მიტინგი უნდა ჩატარდეს, რადგან “ქართული ოცნების” ელექტორატი საქართველოში ძალიან ბევრია. იმაზე ბევრი, ვიდრე ამას სოციალური კვლევები ამბობენ... ამ რადიკალებს ხალხმა ძალა უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა მარტო მათ ჭკუაზე არ დადის, ვერც ივლის და საქართველო მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას გააგრძელებს. მათგან ყველანაირი პროვოკაცია მოსალოდნელია და რაიმე პროვოკაცია გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, - განაცხადა გია აბაშიძემ, რომლის აზრით, “ფართო საზოგადოების შეგნება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ცალკეული ხულიგნები და კრიმინალები ნაცოპოზიციური ველიდან”, - დასძენს გამოცემა.

რაზე ისაუბრებენ კობახიძე და ორბანი - საქართველოს პრემიერი “კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების”კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში გაემგზავრა, ის მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა “კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში”, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა მისი უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვიზიტი „დიდი პოლიტიკის ნაწილია”. საქართველო-უნგრეთის მთავრობების ბოლოდროინდელი დაახლოების მიზეზი კი “საერთო ღირებულებებია”. ამასთან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კონფერენციაში კობახიძის მონაწილეობას საქართველოში ოპოზიციის მხრიდან ისეთივე მწვავე კრიტიკა მოჰყვება, როგორც ერთი წლის წინ მაშინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას მოჰყვა, ასევე, კრიტიკა მოსალოდნელია დასავლეთის ლიბერალური ფრთიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის წინ ღარიბაშვილი უნგრეთში ჩატარებულ კონსერვატორთა ორდღიან საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორის იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რაზე ისაუბრებენ კობახიძე და ორბანი - საქართველოს პრემიერი “კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების”კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

“მსგავსი კონფერენცია უნგრეთში მესამედ იმართება, რომელიც ემსახურება აშშ-ის მემარჯვენე ფრთისა და ვიქტორ ორბანის კავშირების გაღრმავებას. საქართველოში ოპოზიციამ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვა გააკრიტიკა, მათი თქმით, გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ კონფერენციაში კობახიძის მონაწილეობა და კონსერვატიულ ფრთასთან დაახლოება დიდი პოლიტიკის ნაწილია. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე პრემიერის მონაწილეობა დასავლეთში უარყოფითად იქნება აღქმული. მისი თქმით, ორ მთავრობას მსგავსი ინტერესები აქვს და დაახლოების მიზეზიც ესაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ შემთხვევაში კითხვა ისმის, ეს არის უბრალოდ ტურისტული გასეირნება თუ დიდი პოლიტიკის ნაწილი? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია. გარდა გეოგრაფიულისა, მსოფლიოში პოლიტიკური გადანაწილებაც ხდება. პოლიტიკური სპექტრი იყოფა კონსერვატიულ, ლიბერალურ და ცენტრისტულ ნაწილებად, კონსერვატიული ფრთა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში მეტ ძალას იკრეფს. ადრე აქცენტი ლიბერალიზმზე იყო და ვიცით, რომ ამას ბევრი შედეგი მოჰყვა, ლიბერალიზმის გამოხატულებაა აშშ-ში დემოკრატები თავიანთი ბაიდენით. კონსერვატორების გამოხატულებაა ტრამპი. ანალოგიური ტენდენციები ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია. ჩვენი დასავლურობის ბევრი პრობლემები ლიბერალიზმთანაა დაკავშირებული, ლიბერალიზმია რომ ითხოვს მაგალითად ლგბტ პარადების მოწყობას და ა.შ.” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “რითია განპირობებული უნგრეთ- საქართველოს მთავრობების დაახლოება ბოლო პერიოდში?” - პასუხობს:

“დაახლოება განაპირობა სწორედ იმან, რომ ეროვნულობაზე, ოჯახზე, სარწმუნოებაზე ორიენტირებულები უფრო კონსერვატორები არიან და ჩვენც მაგ ღირებულებებზე ვართ ორიენტირებულები. ორივე დასავლეთია, ორივე ევროპაა, მაგრამ ეს კონსერვატიული ევროპა შეიძლება ჩვენს ხასიათთან და ტრადიციულობასთან უფრო ახლოს იყოს. დასავლეთის გარკვეული ნაწილისგან კრიტიკა არის, რადგან ეს ორი ფრთა ერთმანეთს ებრძვის, დემოკრატები გაგაკრიტიკებენ რატომ მიხვედი კონსერვატორებთანო. კრიტიკა იქნება, მაგრამ პოლიტიკა ბრძოლაა”.

“კონფერენციაში საქართველოს პრემიერის მონაწილეობა დასავლეთში უარყოფითად იქნება აღქმული. უნგრეთი პირველ რიგში ბლოკავს ევროკავშირის ფარგლებში ბევრ გადაწყვეტილებას, რომელიც მაგალითად უკრაინის დახმარებას უკავშირდება და ორბანი პირიქით ევროკავშირს აკრიტიკებს, რომ თითქოს ეს დახმარება ვითარებას უფრო ამძაფრებს და არის საფრთხე, რომ ყველაფერი მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს. საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს საერთო ინტერესები გააჩნიათ, ჯერ ერთი ავტორიტარიზმისკენაა მიდრეკილება, როგორც საქართველოში, ასევე უნგრეთში, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია, ავტორიტარიზმის ნიშნები აშკარად შეიმჩნევა. იდეოლოგიური თანხვედრა არსებობს. მეორე საკითხია გეოპოლიტიკური თანხვედრაც, ორივე რაღაცნაირად უპირისპირდება ევროკავშირს, ორივე პირველ რიგში ყველაზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებენ, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე ევროკავშირთან უფრო მეტ ინტეგრაციასთან. საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების ინტერესთა დამთხვევაა და ურთიერთობების ასეთი დათბობა ამიტომაც შეიმჩნევა”, - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ამერიკის დახმარება ფრონტზე ოპერატიულ გარდატეხას შეიტანს” - როგორ გამოიყენებს უკრაინა ახალ შეიარაღებას

“რას შეცვლის უკრაინის ფრონტის ხაზზე ამერიკის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი და შეიტანს თუ არა ომში რამე სახის გარდატეხვას? უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმების გამო და მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას მხარი უკვე დაუჭირა. ამერიკელი კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ, პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი, შესაძლოა, უკრაინაში მომდევნო კვირაში გაიგზავნოს. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, შტატების დახმარება ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას, მაგრამ ეს შეტევისთვის საკმარისი არ არის. იმავეს ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელიც. კირილ ბუდანოვი ვარაუდობს, რომ მაისის შუა რიცხვებსა და ივნისის დასაწყისში უკრაინაში მძიმე ვითარება იქნება. დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი, სულ უფრო მწვავე დაპირისპირებები ხდება საბრძოლო ველზე. რუსმა ოკუპანტებმა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის დასახლებები დაბომბეს, დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ამერიკის დახმარება ფრონტზე ოპერატიულ გარდატეხას შეიტანს” - როგორ გამოიყენებს უკრაინა ახალ შეიარაღებას.

“აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი 24 აპრილს მოაწერა. “ეს არის ძალიან კარგი დღე აშშ-ის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, როცა ჩვენი მოკავშირეები ძლიერები არიან, ჩვენც ძლიერები ვართ. ამ კანონის ხელმოწერით აშშ და მთელი მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ იქნება”, - განაცხადა ბაიდენმა. პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი. ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი - ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ “ტიკ-ტოკის” აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ. ევროპელი დიპლომატები კი კიევის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბრიუსელში ამბობენ, რომ მოსკოვი მტკივნეული ნაბიჯებისთვის ემზადება, რის გამოც დასავლეთმა უკრაინას სამხედრო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიაწოდოს. უკრაინის მეზობელი პოლონეთი თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებაზეც კი თანახმაა, თუ ნატო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა რუსეთი ბელარუსსა და კალინინგრადში შეიარაღებას აძლიერებს. დასავლეთის უკრაინისადმი დახმარების საკითხი უკვე განსაჯეს რუსეთის საგარეო უწყებაშიც. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების ზღვარზე აყენებს. შეერთებული შტატების ახალ დახმარებას კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელესკიმ გამარჯვების შანსი უწოდა და ამერიკელ კანონმდებლებს მადლობა გადაუხადა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ამერიკული დახმარების გამოყოფაზე გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური ვაჭრობის და თამაშების ნაწილი, სადაც საბოლოოდ საღმა აზრმა გაიმარჯვა”, - დასძენს გამოცემა.

“ახლა რუსეთის მხრიდან ამ ომში წარმატების მიღწევა ძალიან დიდი თავისტკივილი იქნება, როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის. ცნობილი გამოთქმაა, “ფინანსები ომის კუნთებიაო”. ვიდრე ვითარება უფრო დრმატულად შეიცვლებოდა უკრაინის ომში, ამ დახმარებამ სულზე მიუსწროთ. ბოლო პერიოდში რუსეთი გათავისუფლების მაგივრად პირდაპირ ქალაქების და სოფლების განადგურებაზე იყო გადასული. პუტინმა გადაწყვიტა, რომ შექმნას სანიტარული ზონა, რომელიც გადამწვარი და გადახრუკული უნდა იყოს და იქ ვერავინ ვერ უნდა იცხოვროს. უკრაინაზე ფსიქოლოგიურ - მორალურ ზეწოლას ცდილობს, რათა ხალხის წინააღმდეგობის უნარი დააქვეითოს. ეს არ არის სიახლე, როცა მოწინააღმდეგე მხარეები, ერთმანეთის პოტენციალს ასუსტებენ. ეს მეორე მსოფლიო იმის დროსაც აპრობირებული მეთოდი იყო. დღეს უკრაინაში ყველაფერი, ინდუსტრიული ცენტრები განადგურებულია. პუტინი ბომბავს და ანადგურებს მოსახლეობას. ანადგურებს იმ ენერგომატარებელებს, რომელიც მოსახლეობას სჭირდება. ეს არის გათვლილი იმისთვის, რომ მოსახლებამ უკრაინის ხელისუფლებისთვის საომარ მოქმედებებში მხარდაჭერა შეწყვიტონ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“რუსეთი ახლა ირანიდან საშუალო ბალისტიკური ჭურვების მიღების პროცესეშია და არ არის გამორიცხული ეს საშუალება ისევ სამშვიდობა მოსახლეობის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული და დაბომბვებმა მაისისთვის უფრო მასიური სახე მიიღოს. აშშ_ის დახმარება უკრაინის ფრონტზე გარკვეულ ოპერატიულ გარდატეხას შეიტანს. ვინაიდან ეს არ მისცემს რუსებს საშუალებას, რომ ფრონტზე ინიციატივა კიდევ მათ ხელში დარჩეს, რადგან გადამწვარ ტერიტიებზე ნაბიჯ-ნაბიჯ გადაადგილების პრობლემები შეექმნება. ახლა თუ არის ჭურვების გამოყენება რუსების მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ 6/1 და გახდება 3/1-თან ესეც უკვე წარმატება იქნება. ამავე დროს უკრაინას უკვე ამ დახმარებით უპირატესი საფრენი საშუალებები ექნება. ამას თუ დაემატება “ატაკამსები” ბევრად უკეთესი იქნება”, - ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს