გიორგი ვაშაძე - ლუკა სირაძის საკითხი არის სისტემური პრობლემა - გომელაური უნდა გადადგეს, აბა რა უნდა ქნას?!

ლუკა სირაძის საკითხი არის სისტემური პრობლემა - გომელაური უნდა გადადგეს, აბა რა უნდა ქნას?! - ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს სისტემური პრობლემა.

„ლუკა სირაძის საკითხი არის სისტემური პრობლემა, იმ დაჭაობებული საბჭოთა ტრადიციის, რომელიც მიიღო საქართველომ და რომელიც უფრო მძლავრად არის დღეს ქვეყანაში ფეხმოკიდებული და ფეხმოდგმული. მთლიანად უნდა დაიშალოს ეს სისტემა, შეიცვალოს ეს ყველაფერი. თუ ადამიანებს ადამიანურად არ მოექცევა სამართალდამცავი ორგანოები, მაშინ იმ ორგანოს არსებობას ყოველგვარი შინაარსი აქვს მოკლებული. პოლიცია გადართული არის მხოლოდ იმაზე, რომ პოლიტიკური დავალებები შეასრულოს და პოლიცია და მისი ხელმძღვანელობა არ ფიქრობს იმაზე, რომ არასრულწლოვნებთან უნდა იყოს შესაბამისი მოპყრობა, ადეკვატური ქმედებები.

ხალხნო, კითხვა დავსვათ - რა ნაბიჯი გადადგა ბოლო წლების განმავლობაში, ერთი მაინც სამართალდამცავმა უწყებებმა, რომ ეს არ მომხდარიყო? ერთი რეფორმა მაინც დამისახელონ, ცვლილება, ერთი რაიმე კომპონენტი ამ სისტემურ პრობლემებზე რეაგირების - მარტო გამოძიებაზე არ ვამბობ, აქ მხოლოდ გამოძიებაზე არ არის საუბარი. რა შეცვალეს, რა გააკეთეს, რა რეფორმა ჩაატარეს და რა ინიციატივა? პოლიცია მარტო ფორმის ტარება არ არის და ადამიანების იძულება, რომ ჩვენება მისცენ და მერე სასამართლოში რაც გინდა, ის გააკეთო. პოლიცია პირველ რიგში არის ხალხის სამსახურში, მათი უსაფრთხოების დამცველი და მათ შორის, ახალგაზრდებზე მზრუნველი. პოლიცია, რომელიც ახალგაზრდებზე მუშაობს, იმიტომ კი არ მუშაობს, რომ დამნაშავე გამოავლინოს, არამედ ახალგაზრდის სოციალიზაცია მოახდინოს, ასეა ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთი თავის ტკივილი, როგორიცაა „ქართული ოცნება" და ამ პირობებში ეს არ იქნება. ყველგან გვაქვს გაუარესება და ეს უნდა დავამთავროთ", - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე მიიჩნევს, რომ შს მინისტრი აუცილებლად უნდა გადადეს.

„უნდა გადადგეს, აბა რა უნდა ქნას?! ნუთუ არ გრძნობს ადამიანურად მაინც პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, ელემენტარულად? ხომ უნდა იყოს რაღაც, რამაც ადამიანური უნდა გაგიღვიძოს, პოლიტიკას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ?“- აღნიშნა ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მოზარდის გარდაცვალების ფაქტის გარშემო მიმდინარე აქციებს შავი ლენტებით და წარწერებით და ასევე, ფსიქოლოგების გამოხმაურებას, რომ პროტესტის მსგავსმა ქმედებებმა შესაძლოა, უფრო უბიძგონ მოზარდებს ქმედებებისკენ.

„დღეს საქართველოში ფსიქოლოგიური ტერორი თუ ვინმესგან არის, არის „ქართული ოცნებისგან". ერთი დიდი შავი ლენტი აქვს საქართველოს „ქართული ოცნების" სახით. მე ფსიქოლოგებს მოვუწოდებ, მიმართონ „ქართულ ოცნებას", რომ საზოგადოების ამ ტერორს შეეშვას, დაზაფრულები, დაძაბულები და უკიდურესად მძიმე ვითარებაში ვართ ყველა. საშინელი გაჭირვებაა ქვეყანაში, მშიერი ადამიანები ნაყოფია ამ მმართველობის. ფსიქოლოგებს მინდა ვკითხო - თქვენი აზრით, მშიერ ადამიანს აქვს თუ არა რაციონალური გააზრების შესაძლებლობა დაკარგული? აქ, ამ აქციებში როგორ მეთოდებს იყენებენ, ეს ახალგაზრდების გადასაწყვეტია, არანაირი უფლება არ მაქვს, ვინმეს რამე ავუკრძალო და ვუთხრა, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ერთი დიდი შავი ლენტი გვაქვს და ესაა "ქართული ოცნება", - აღნიშნა ვაშაძემ.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024