გიორგი ვაშაძე - ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა

ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან ოპოზიციისა დ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების მეოთხე რაუნდთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც ხვალ შედგება.

„ან „ქართული ოცნება“ არის ადეკვატური, ადეკვატურად უყურებს ქვეყანაში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებას, ან „ქართული ოცნება“ არის არაადეკვატური და რაღაც სისულელეს მოიტანს. ჩვენ მივეცით მათ კიდევ ვადა, რაც თვითონ ითხოვეს და ველოდებით პასუხს. ტექნიკურ დეტალებში რომ არ შევიდეთ - საკითხი ეხება საქართველოს მომავალს, რომლის მოსპობაში დამნაშავე არის „ქართული ოცნება". აი, ამ მომავლის საბოლოო მოსპობის წინააღმდეგობის მექანიზმი უნდა შევქმნათ, მექანიზმი, რომელიც არ დაამთავრებს საქართველოს მომავალს. ამიტომ, ან ხართ ადეკვატურები ან არაადეკვატურები. დღეს ძალიან მძიმეა, ისაუბრო რაიმე საარჩევნო სისტემაზე, რადგან მთელი ქვეყანა ფაქტობრივად გლოვაშია და უმძიმეს დღეში ვართ აბსოლუტურად ყველა, მაგრამ მივმართავ „ქართულ ოცნებას", რომ ან ადეკვატურად პასუხობთ შექმნილ მდგომარებას ქვეყანაში ან სრულიად არაადეკვატურ რაღაცას მოიტანთ ხვალინდელ დღეს. იმედი მაქვს, რომ მით უმეტეს ამ მძიმე ვითარებაში, მაინც იოტისოდენა გაიღვიძებს თქვენში ადამიანობა და ქვეყანაზე ფიქრის რაღაც კომპონენტი", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხვალინდელი დღეს გადამწყვეტი იქნება.

„ხვალინდელი დღე იქნება გადამწყვეტი, ჩემთვის პირადად, იმისთვის, რომ იანვრიდან, მე კოლეგებსაც ვესაუბრე ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა. ეს არის სრულიად სხვა შინაარსის, სრულიად სხვა მასშტაბის და სრულიად სხვა კომპონენტებისგან შემდგარი. უნდა დავამთავროთ „ქართული ოცნება", რადგან საქართველოს დღეს სჭირს უბედურება, ყოველდღიურად, რაღაც კატასტროფა გვჭირს უკვე და ამ უბედურების წარმომავლობა ერთადერთი არის „ქართული ოცნება". ეს უბედურება ჩვენ თუ არ მოვიშორეთ, არ დამთავრდება ხალხო, ქვეყანაში რაც ხდება. საშინელ მდგომარეობაში ვარ მეც პირადად ბოლო დღეებია და უფრო და უფრო მეტი იქნება ასეთი, უფრო და უფრო კატასტროფული იქნება, თუ არ დავამთავრეთ ეს უბედურება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024