საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კონგრესში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქართველმა პარლამენტარებმა ამერიკელ კანონმდებლებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე, ქართული დელეგაციის წევრებმა ყურადღება დაუთმეს ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, დეოკუპაციის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების და ევროატლანტიკური მისწრაფების საკითხების განხილვას.

მათივე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა აშშ-ის ფასდაუდებელი როლი, საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. პრიორიტეტულ თემას, აგრეთვე, განეკუთვნებოდა ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში, უმაღლეს დონეზე, საქართველოს საკითხის პერმანენტული შენარჩუნება, მათ შორის, რუსეთთან მოლაპარაკებების მიმართულებით.

„ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას დაუდასტურეს შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომლის ნათელი დადასტურებაა კონგრესის მიერ მიღებული არაერთი რეზოლუცია და საკანონმდებლო აქტი. დღესვე, ქართველი პარლამენტარები საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდნენ. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. დელეგაციის წევრების თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს პარლამენტსა და აშშ -ის კონგრესს შორის ურთიერთობის გაძლიერება და გაღრმავებაა. დღის ბოლოს, კონგრესში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც კონგრესმენები ადამ კინზინგერი, რიკ ლარსენი, სტივ კინგი და ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი კახა კუჭავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია შედიან“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024