თამარ ჩუგოშვილი - პირველ რიგში, საჭიროა 15 წლის მოზარდის საქმის სრულფასოვანი გამოძიება, ისე, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს

პირველ რიგში, საჭიროა 15 წლის მოზარდის საქმის სრულფასოვანი გამოძიება, ისე, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება ბრალი მიუძღვოდეს, უნდა მიეცეს შესაბამის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში.

„ერთი ადამიანის მიმართ ბრალის წაყენება ადასტურებს იმას, რომ გამოძიების პროცესში იყო ან ზეწოლა ან სხვა ტიპის დარღვევები, სხვანაირად ბრალის წარდგენა არ მოხდებოდა. საბოლოოდ, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ის, რომ ბრალის წარდგენა მოხდა, ნიშნავს, რომ დაკითხვის დროს იყო უკანონო ქმედებები, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია ის უმძიმესი შედეგი რაც მივიღეთ,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ის საზოგადოებას და მედიას სთხოვს ამ საკითხს სიფრთხილით მოეკიდნონ.

„ამ საკითხზე საუბარს შეიძლება გავლენა ჰქონდეს სხვა მოზარდებსა და ახალგაზრდებზე და თქვენც მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ფრთხილად გააშუქოთ ასეთი საქმეები, რადგან, მათ შორის არასწორ გაშუქებასაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძიმე შედეგები. ფაქტია, რომ ვიდრე ეს ძალიან ტრაგიკული შედეგი არ დადგებოდა, ვისმენდით იმას, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. გარდაცვალების შემდეგ კი სხვა რამ მოვისმინეთ. მოცემულობა შეიცვალა. პირველ რიგში, გამოძიება უნდა დასრულდეს და უკვე შემდგომ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, სისტემის მხრიდან რა დამოკიდებულება იყო,“ - განაცხადა მან.

ჩუგოშვილმა მედიასთან საუბრისას ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საბჭოს შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პარლამენტის მიერაა მხარდაჭერილი და ასევე იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებში პარლამენტის ჩართულობა.

ჩუგოშვილის თქმით, ასეთი ტიპის ფორმატები უმრავლესობის ხელშია და სწორედ აქ უნდა ხდებოდეს ასეთი ტრაგიკული ფაქტის შესწავლა, ხარვეზებისა და პრობლემების დადგენა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024