ქართული პრესის მიმოხილვა 19.12.2019

ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები - რა ხდებოდა დაკითხვის დროს და რატომ სცადა კიდევ ერთმა მოზარდმა თვითმკვლელობა

რა ელის ქართულ კონტინგენტს ავღანეთში აშშ-ს ჯარის გაყვანის შემდეგ

ლია მუხაშავრია - “გამოსავალია რადიკალური რეფორმა, პოლიციის სისტემის გაწმენდა!”

* * *

ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები - რა ხდებოდა დაკითხვის დროს და რატომ სცადა კიდევ ერთმა მოზარდმა თვითმკვლელობა

“ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შესაძლოა გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით წარიმართოს და დაკავებული პირების წრეც გაიზარდოს. სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის ყოფილმა კლასელმა გოგონამ, რომელსაც სირაძის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს თვითმკვლელობა სცადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლუკა სირაძის საქმის ახალი დეტალები - რა ხდებოდა დაკითხვის დროს და რატომ სცადა კიდევ ერთმა მოზარდმა თვითმკვლელობა.

“გავრცელებული ინფორმციით, გოგონასთან უშალოდ “მწვანე სკოლის” ადმინისტრაცია კონტაქტობდა და მასზე ზეწოლაც მათი მხრიდან განხორციელდა. სავარაუდოდ, ბავშვს დაჰპირდნენ, რომ თუ ის კამერებზე დაფიქსირებულ პირს ამოიცნობდა, რომელმაც მათი სკოლის შიდა და გარე პერიმეტრზე უხამსი წარწერები გააკეთა, საქმეში პოლიციას არ ჩარევდნენ. გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებს, როგორც ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რევაზ აჭარაძე, ასევე სახელმწიფო დაცვის ინსპექტორი ლონდა თოლორაია. თუმცა გოგონას ინტერესებიდან გამომდინარე ამ საქმეზე დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. ადვოკატის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეში, გარდა უკვე დაკავებული გამომძიებელისა ასევე, 3-4 პოლიციელი ფიგურირებს, რომლებიც მოზარდს ემუქრებოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ. რევაზ აჭარაძე ამბობს, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის გარდა მინიმუმ კიდევ 3 პოლიციელის დაკავება უნდა მოხდეს. მისი თქმით, დაკითხვის დროს ლუკა სირაძე სხვა არასრუწლოვანებს დააპირისპირეს, რამაც სირაძის ემოციურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტობრივად გამოძიებით უკვე დადასტურებულია, რომ როდესაც 10 დეკემბერს ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, მის მიმართ სხვადასხვა სახის მუქარა განხორციელდა. მას აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა სკოლის გარე და შიდა პერიმეტრის მოხატვა. ასევე, განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ იქნა ცალკე გაყვანილი, ხოლო უკან დაბრუნების შემდეგ, ატირებული და განერვიულებული იყო. განყოფილებაში არასრუწლოვნები ჰყავდათ დაბარებული და ერთმანეთს დააპირისპირეს. იქ იყო მისი ყოფილი თანაკლასელი გოგონაც, რომელიც მას დააპირისპირეს და ეს არის ის ბავშვი, რომელმაც შემდგომ თვითმკვლელობა სცადა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს იყო დაკითხვა ძველი სტილით, სადაც მოწმეების დაპირისპირება ხდება. რამაც ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო მძიმე გავლენა მოახდინა. ჩვენ საქმეში სახელმწიფო ინსპექტორი ჩავრთეთ და მან 13 დეკემბერს უკვ გამოძიება დაიწყო”, - აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, ლუკას დედის განმარტებით, მთელი დაკითხვის პროცესში ის დანაშაულს არ აღიარებდა. ხოლო როდესაც ის უფროსის მოადგილემ გვერდით გაიყვანა, მან დედას უთხრა, რომ ძმით დაემუქრნენ და იძულებული გახდა აღიარებითი ჩვენება მიეცა”, - დასძენს გამოცემა.

“ადვოკატის განცხადებით, ტყუილია, რომ მეორე დღეს დაკითხვა დედის ინიციატივით მოხდა. იმ დღეს აღიარებითი ჩვენების დაბეჭვდა არ მოხდა და თავად პოლიციის მოთხოვნით ისევ მერე დღეს 11 საათზე ამ ჩვენების გასაფორმებლად დაიბარეს. “როგორც უკვე აღვნიშნე, თვითმკვლელობა კიდევ ერთმა არსრუწლოვანმა სცადა, მაგრამ ოჯახმა პოლიციას არ მიმართა, რადგანაც ბავშვისთვის დამატებით სტრესის მიღება აღარ სურდათ. თუმცა, ინსპექტორის მხრიდან ამაზეც გამოძიება დაიწყო. როგორც მასალებიდან ირკვევა, მინუმუმ 3-4 პოლიციელი ლუკაზე ზეწოლას ახორციელებდა. ახლა მხოლოდ მარიანა ჩოლუიანი არის დაკავებული. სხვა დანარჩენი პირების ინდენტიფიცირებაც უნდა მოხდეს. ამ გამოძიებით ასევე სრულიად გამოკვლეული უნდა იყოს “მწვანეს სკოლის” ადმინისტრაციის როლი რა იყო. წესით დადგინდება როგორი რეგირება ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციასაც. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბავშვებმა სტრესი განყოფილებამდე სკოლაშიც მიიღეს”,-აცხადებს რამაზ აჭარაძე. სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს ფაქტს, რომ ლუკა სირაძის დაკითხვაზე გადაყვანის შემდეგ თვითდაზიანება კიდევ ერთმა მოზარდმა მიიყენა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები”, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. თბილისის “მწვანე სკოლის” დამფუძნებელი და დირექტორი, კახა დავითური კი გავრცელებულ ინფორმაციას, კიდევ ერთი მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ, არ ადასტურებს. სკოლის დირექტორი დამატებით დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაცია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს. კახა დავითური ამბობს, რომ მან გამოძიებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა და პირველ რიგში, სკოლის ინტერესში შედის, გამოძიება რაც შეიძლება ეფექტურად და დროულად ჩატარდეს. “მწვანე სკოლაში” მომხდარი ფაქტის გამო, სწავლა დროებით მომავალ ორშაბათამდე შეწყვეტილია. ფსიქოლოგი ნანა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ როდესაც საქმე მოზარდებს ეხება, სასწავლო დაწესებულება საკითხს დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეს და მომხდარ ტრაგედიასთან პასუხიმგებლობა საგამოძიებო უწყებასთან ერთად სკოლასაც ეკისრება. ფსიქოლოგის შეფასებით, არსებული გარემო საკმაოდ მძიმეა და შესაბამისად, მოზარდებს ადაპტირება უჭირთ. ხაზარაძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევის დროს პოლიციის ჩარევა მხოლოდ უკიდურესი შემთხვევაში უნდა მოხდეს”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“საკმაოდ მძიმე ფაქტი მოხდა და როგორც აღმოჩნდა, ბავშვი ემოციურად ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო და ამ ყველაფრით სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ლუკა სირაძეს აწუხებდა რაღაც და მან ეს ამ ფორმით გააპროტესტა. დახმარების მაგივრად კი მან უფრო მწვავე პასუხი მიიღო, რამაც ბავშვი კიდევ უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდო. ამიტომ აუცილებელია, რომ ოჯახმაც, სკოლამაც და სამართალდამცავებმაც, რომელთაც მოზარდებთან შეხება უწევთ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ამ ასაკში ბავშვები ძალიან მოწყვლადნი არიან და მათი ემოციური მდგომარეობა მყიფეა. მით უმეტეს ლუკას შემთხვევა, როდესაც მას მამა გარდაეცვალა, შეიცვალა მისი ცხოვრება, ის გადაიყვანეს სხვა სკოლაში და ცხოვრების მიმართ პროტესტი გაუჩნდა. მისი წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” უკვე სუიციდური და საგანგაშო იყო, მაგრამ ბავშვის მდგომარეობას ვერავინ მიხვდა, არავინ დაინტერესდა, რამაც აქამდე მიგვიყვანა. როგორც წესი, არასრულწლოვანის დაკითხვაზე ყოველთვის ფსიქოლოგი ესწრებოდა და ეს დაკითხვები ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მიმდინარეობდა. პოლიციის ჩარევა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში, ასეთ დროს მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციასაც კი შეეძლო ამ პრობლემის მოგვარება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანა ხაზარაძე.

რა ელის ქართულ კონტინგენტს ავღანეთში აშშ-ს ჯარის გაყვანის შემდეგ

“თუ ტრამპმა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, რამდენად შეძლებს დარჩენილი კონტინგენტი ჯიჰადისტური დაჯგუფებების შეკავებას, რომლებიც ახლა ავღანეთში მოქმედებენ, ეს სხვა საკითხია, აქედან გამომდინარე ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოების საკითხიც დგება” - ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი უსაფრთხობის საკითხებში ვახანგ მაისაია ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს. ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში აშშ ავღანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას გეგმავს. მისი თქმით, აშშ 12 000 ჯარისკაცს 8 600-მდე შეამცირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა ელის ქართულ კონტინგენტს ავღანეთში აშშ-ს ჯარის გაყვანის შემდეგ.

“აშშ “თალიბანთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკული ჯარების ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე. რომელიც რამდენჯერმე შეწყდა “თალიბანის” მხრიდან ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის გამო. გასულ კვირას დაწყებული მოლაპარაკებებიც ბაგრამის ბაზაზე მომხდარი თავდახსმის გამო შეფერხდა. მაისაია აცხადებს, რომ ავღანეთში მყოფი ქართული ჯარი ნატოს კონტინგეტზეა მიბმული და არა შეერთებული შტატების. “ამჯერად ამერიკელებს საკუთარი კონტინგენტი გაჰყავს, ეს არაა ნატოს კონტინგენტთან მიბმული. როგორც მოგეხსენებათ ნატომ ეს ოპერაცია დაიწყო არა მეხუთე მუხლის გათვალისწინებით, - მან ჯერ კიდევ 2000 იან წლებში შემოიღო ასეთი ტერმინი “არა მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება”, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ნატო საკუთარ კოალიციურ ძალებს კრიზისების მართვის ოპერაციებში იყენებს. ავღანეთში ნატოელები 2002 წელს გამოჩნდნენ, 2001 წელს კი ამერიკამ ავღანეთში თავისი ეროვნული შეიარაღებული ძალების ქმედებები დაიწყო, ჩვენ ფაქტობრივად მიბმულები ვართ არა ამერიკელების, არამედ ნატოს კონტინგენტზე, აქ საუბარია იმაზე, თუ ნატოს ჯარების ხელმძღვაბელობა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - ამბობს მაისაია, რომლის თქმით, “ნატოს კონტინგენტი კი გარკვეულწილად აშშ-ს გადაწყვეტილებაზეა მიბმული”, - “აღნიშნავს გამოცემა.

„თუ ტრამპმა მართლაც გამოიყვანა ავღანეთიდან ჯარების ის რაოდენობა, რაზეცაა საუბარი, ჩვენი კონტინგენტის უსაფრთხოების საკითხიც დგება, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში 12-მდე ჯიჰადისტური გაერთიანება ძალიან გააქტიურდა, რომელთაგან “თალიბანი” ყველაზე მსხვილი სამხედრო პოლიტიკური გაერთიანებაა, ამიტომაც ამერიკელები პირდაპირ მოლაპარაკებებს მათთან აწარმოებენ. სხვათა შორის, ბაგრამის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმა იყო “თალიბების” მიერ განხორციელებული შეტევა, რათა გარკვეულწილად ფსიქოლოგიური გავლენა მოეხდინათ მოლაპარაკებებზე. როგორც კი აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, როგორც ჩანს ტრამპს ეს იდეა აქვს, რომ ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტი კიდევ შეამციროს და შესაძლოა სიტუაციამ ვიეტნამიზაციის პროცესის მიმართულება აიღოს, თუმცა ამერიკა რვაათასიანი კონტინგენტით 60-ათასიანი “თალიბანის” შეკავებას რამდენად შეძლებს, საკითხავია. თან ავღანეთის ეროვნული არმია ბრძოლისუნარიანობით არ გამოირჩევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ გაზაფხულზე სიტუაცია შესაძლოა გამძაფრდეს რადგან ამ დროს თალიბები მსხვილმასშტაბიან ოპერაციებს ატარებენ ხოლმე, ამას კიდევ ემატება ისიც, რომ გაზაფხულის პერიოდში უკვე მოსავლის აღება იწყება, კერძოდ ავღანურ ოპიუმზეა საუბარი, რომელიც მთავარი საექსპორტო მოსავალია. სხვათა შორის, ქართველთა ბლოკპოსტზე თავდასხმა ამ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ... ამერიკელებმა ავღანეთში თავიანთი მისია პრინციპში შეასრულეს, პაკისტანში ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინეს, ასევე ალქაიდას დაჯგუფების ქსელების განადგურება მოახდინეს, ალქაიდას წინააღმდეგ “თალიბანიც” ილაშქრებს და ფაქტობრივად ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრებიც არიან. “თალიბანი” ასევე ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასაც ებრძვის, აქედან გამომდინარე ამერიკელებმა თავიანთი მისია გარკვეულწილად შეასრულეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“4 ათასამდე ჯარისკაცის გამოყვანა ეს სერიოზული პრობლემა იქნება, თან იმ ფონზე, როდესაც ავღანეთში ჯიჰადისტური გაერთიანებები გააქტიურებულები არიან და ყოველდღე ხდება ტერაქტები და ჰიბრიდული შეტევები. ჩვენი ხელისუფლების საქმეა ავღანეთიდან გამოიყვანს თუ არა ჩვენს ჯარებს, ალბათ ამერიკელებმა თუ 5 ათას ჯარისკაცამდე თუ კიდევ შეამცირეს, რისი ალბათობაც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მოსალოდნელია, აქედან გამომდინარე შესაძლოა ჩვენი კონტინგენტიც შეამცირონ. არ გამოვრიცხავ, რომ ვაშინგტონში ლავროვის ვიზიტი, ასევე დაკავშირებული ყოფილიყო ავღანეთის თემასთან იმიტომ, რომ ამერიკელები თუ გადიან, როგორც ჩანს, ისინი გარკვეულწილად რუსულ და პაკისტანურ ინტერესებსაც ითვალისწინებენ, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩინელები სამხედრო ბაზას აშენებენ და შესაბამისად ამ ქვეყანაში ჩინეთსაც გააჩნია ინტერესები, ამავე დროს რუსეთსაც გააჩნია თავისი ინტერესები”, - ამბობს რესპონდენტი.

“ტრამპის იმპიჩმენტის ფონზე, რომელსაც დემოკრატები მხარს უჭერენ, ხოლო სენატი დაბლოკავს, უკვე სერიოზული წინაასაარჩევნო კამპანია წავა და როგორც ჩანს, ტრამპი ავღანეთს გამოიყენებს როგორც კოზირს. სხვათა შორის, ამ კონტინგენტის გამოყვანა ბარაკ ობამასაც უნდოდა, მხოლოდ ამ საკითხში ემთხვევიან ისინი ერთმანეთს... ჩვენი ქვეყნის მთავრობამ, ტრამპის ადმინისტრაციასთან უნდა მოილაპარაკოს რადგან თუ ამერიკელები გადიან, შესაბამისად, ნატოელებიც შესაბამის ზომებს მიიღებენ და ჩვენი კონტინგენტი ხომ არ დარჩება? აქ ფსიქოლოგიური მომენტია, იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკამ კონტინგენტი შეამცირა, დაჯგუფებები გააქტიურდებიან და საფრთხეები რა თქმა უნდა გაიზრდება. ამიტომაც ჩვენმა მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონსულტაციები გამართოს იმისთვის, რომ გავიგოთ რა სურს ტრამპს”, - დასძენს მაისაია.

ლია მუხაშავრია - “გამოსავალია რადიკალური რეფორმა, პოლიციის სისტემის გაწმენდა!”

„15 წლის მოზარდის საქმეზე კონკრეტული პირების გარდა, იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია მაღალი რანგის პირების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც არ გამორიცხავს. ტრაგიკულ შემთხვევაზე საუბრისას ამბობს, რომ სისტემა გასაწმენდია ყველა იმ სუბიექტისაგან, რომელიც საზოგადოებას საფრთხეს უქმნის და საჭიროა ამ სისტემის კარდინალური ცვლილება იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს. მისივე თქმით, სუიციდი საქართველოში გახშირებულია და აუცილებელია ცალკე ამ საკითხის გამოკვლევა, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანას რამდენიმე სერიოზული ინსტიტუციონალური პრობლემა აქვს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, არ მოგვარდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვდილო საფრთხის შემცველია“ - მუხაშავრია.

“15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთან, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შს სამინისტროსთან და “მწვანე სკოლასთან” წარწერები - “ამ ცხოვრების დედაც!” დატოვეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. უფლებადამცველი კი სკოლის უპასუხისმგებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვიდილო საფრთხის შემცველია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ წარწერების გამო პოლიციაში დაბარება გამართლებული არ იყო. ყველგან, ყველა რგოლში პრობლემა და ჩავარდა გვაქვს. ადამიანს, რომელსაც არ აქვს ძალიან მყარი ფსიქიკა, არ არის გამოცდილი, ან არ არის შეჩვეული ამ არანორმალურ სამყაროსა და გარემოში ცხოვრებას, უჭირს გადარჩენა. დღევანდელი ქართული რეალობა სასიკვდილო საფრთხის შემცველია. ახალგაზრდებისთვის, რომელთაც არ აქვთ მყარი ფსიქიკა, არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენი გარემო, სახელმწიფო და საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის შემცველია. იმის მაგივრად, რომ სკოლა ეხმარებოდეს აღზრდაში, პოლიცია - უსაფრთხოებაში, გვაქვს სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება და შედეგი. თვითმკვლელობები ძალიან გაზრდილია და ყოველთვის არ ვიცით მიზეზები, არ ვიკვლევთ ამ მიზეზებს - ესეც ცალკე პრობლემაა. თითოეული თვითმკვლელობის ფაქტი, განსაკუთრებით საშიში და საგანგაშოა. ადამიანები და სახელმწიფო საზოგადოება ამას განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა უთმობდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

“პასუხისმგებლობა დადგება პოლიტიკური და სამართლებრივი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევაშინებთ ამ სახელმწიფოს მესვეურებს, რომ ამას არ ვეგუებით და ეს ჩვენთვის მიუღებელია - არაფერი დაგვაწყნარებს, თუ არა ადეკვატური ზომები იქითა მხარეს, რაც პოლიტიკური ფიგურების გადადგომას გულისხმობს. პოლიციას იმისთვის ვინახავთ, რომ შვილები მოგვიკლან ან თვითმკვლელობამდე მიიყვანონ? საჭიროა სისტემის გაწმენდა ყველა იმ სუბიექტისაგან, ვისზედაც ოდნავი ეჭვი მაინც არსებობს, რომ ისინი უკანონო, ძალადობრივ და დაუშვებელ მეთოდებს იყენებენ მოქალაქეებთან ურთიერთობაში, ქუჩაში იქნება, ოფისებში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. ყველა ასეთი პოლიციელისაგან სისტემა უნდა გაიწმინდოს, რადიკალური ზომები უნდა იქნას მიღებული. მჭირდება პოლიცია იმისათვის, რომ დამნაშავისგან დამიცვას, ჩემი უსაფრთხოება დაიცვას. პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ საქმე დანაშაულამდე არ მივიდეს. აქ რას ვხედავთ? - დანაშაულს ჩადიან თავად პოლიციელები და ისინი რჩებიან ორგანოში. თანაც ეს მოხდა ქალაქში, დედაქალაქის შუაგულში და ყველაზე უარესი ფანტაზიით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ხდება რაიონებში ან მივარდნილ ადგილებში, სადაც ასეთი მონიტორინგი, საზოგადოების თვალი და ყური ადგილზე არ არის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ინსტიტუციური და სისტემური პრობლემაა. გამოსავალია რადიკალური რეფორმა, სისტემის გაწმენდა ყველა იმ უკეთური სუბიექტისგან, რომელიც მსახურობდა იმ დროს, როდესაც ძალადობა, წამება იყო ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრაქტიკა და მეთოდი პოლიციელის საქმიანობაში. ეს ადამიანები ვერ გადაეჩვევიან ამ მეთოდებს, რაც არ უნდა შეიცვალოს მინისტრი, კანონი, დამოკიდებულება. ეს ადამიანები უნდა გავუშვათ სისტემიდან და მივიღოთ სულ სხვა ადამიანები, ვინც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება და არა იმისთვის, რომ ყოველი მისვლა პოლიციაში, ადამიანს დაუჯდეს ნერვებად, ჯანმრთელობად და ხანდახან სიცოცხლედაც კი”, - დაასკვნის ლია მუხაშავრია.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024