შალვა პაპუაშვილი - ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, იყვნენ უფრო წინდახედულნი, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება ქართული პოლიციის დისკრედიტაციაა

იმედგამაცრუებელია ზოგიერთი განცხადება, როგორც საქართველოში მყოფი საელჩოების, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან. ეს გარკვეულწილად ქმნის აღქმას, რომ ხდება ყალბი ნარატივის დამკვიდრება, თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივი გზით შეწყვეტა მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ ყველაფრის ფონზე, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თქმა იმის, რომ თითქოს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და მისი ძალადობრივად შეწყვეტა მოხდა, გაუგებარია და ყალბი ნარატივის დამკვიდრებას ემსახურება.

„ყველამ ნახა, სინამდვილეში რა ხდებოდა და, მათ შორის, ნახა პარლამენტის შენობაზე თავდასხმის შედეგები, რომელსაც გუშინწინ, ღამის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ამის ფონზე, თქმა, რომ ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობა, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიციის დისკრედიტაცია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით საელჩოებს, ამ მხრივ იყვნენ უფრო წინდახედულნი, გაერკვნენ საკითხში და შემდეგ გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ყალბი ნარატივის დამკვიდრება დისკრედიტაციაა ქართული პოლიციის, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, 2019 წლის ნოემბრის აქციების დროს გაკეთებული განცხადებების შესახებ და აღნიშნა, რომ მოგვიანებით, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათი განცხადებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა.

„ყველას შევახსენებ, რომ 2019 წლის ნოემბრის აქციების დროსაც იყო განცხადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, აშშ-ის საელჩოს მხრიდან. გახსოვთ, ხდებოდა პიკეტირება საქართველოს პარლამენტის შენობის და მაშინაც აქციის დაშლასთან დაკავშირებით პოლიციის ქმედება შეაფასეს გარკვეული შეშფოთებებით. შემდეგ, 2022 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სრული სტანდარტების დაცვით მოქმედებდა საქართველოს პოლიცია და საელჩოების ეს განცხადება იყო ყალბი ნარატივის დამკვიდრება. ამიტომ, გარკვეული დეჟავიუ არის, როდესაც გუშინ განცხადებებს ვკითხულობდი. ველოდებოდი ამ განცხადებებს და მაინტერესებდა, რა სახის გამოხმაურება იქნებოდა, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საელჩოებთან საქართველოს პარლამენტს აქვს პარტნიორული ურთიერთობა, გვაქვს სხვადასხვა სახის საქმიანი ურთიერთობა. როდესაც პარლამენტის შენობაზე ხდება თავდასხმა და ამ თავდასხმის მოგერიებისას საქართველოს პოლიცია შესაბამის ზომებს იყენებს, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ, ამის ფონზე ვხედავთ საელჩოების განცხადებას, თითქოს ეს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და არანაირი მიზეზი არ არსებობდა, საპოლიციო ძალები ყოფილიყო გამოყენებული, რაც, ერთი მხრივ, არის ყალბი ნარატივის დამკვიდრება, მეორე მხრივ, სამწუხარო განცხადება პარლამენტთან დაკავშირებით. ეს გარკვეულწილად ასევე ზიანს აყენებს ცალკეული საელჩოების დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ.

გარკვეული საელჩოების მხრიდან ველოდებოდი მეტ სოლიდარობას პარლამენტის მიმართ. ეს თუ მშვიდობიანი აქცია იყო, ალბათ, სხვადასხვა წარმოდგენა გვაქვს ჩვენ, რა არის მშვიდობა ამ მხრივ. ჩვენ ვხედავთ აქციებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, პოლიციის მოქმედებას, რომელიც არის მეტად მკაცრი, ბრუტალური და ამის ფონზე, იმავე ქვეყნის წარმომადგენელი საელჩო საქართველოს პოლიციის მართლაც ფრთხილ, სტანდარტების შესაბამის მოქმედებას, როცა აფასებს, თითქოს მშვიდობიანი აქციის მიმართ ძალის გამოყენება იყო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, სამწუხარო მცდელობაა ყალბი ნარატივის დამკვიდრების. ამიტომ კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა საერთაშორისო აქტორს, განსაკუთრებით საელჩოებს, რომლებიც არიან საქართველოში, გაერკვნენ ვითარებაში, მათ შორის, ჰქონდეთ კომუნიკაცია შსს-თან და ამის შემდეგ გამოიტანონ დასკვნები, გააკეთონ განცხადებები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს