ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში - ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ - თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, ის ძირს გამოუთხრის ქვეყნის პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე

ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ, - ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ევროკომისარი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, გაიწვიონ კანონპროექტი, რადგან "ნათელია, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს". მისი თქმით, თუ კანონი იქნება მიღებული, ის ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე.

“ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა, რათა მშვიდობიანი დემონსტრაციის თავისი უფლება გამოეყენებინა. ისინი კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ ოფიციალურმა პირებმა გაიწვიონ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. შთამბეჭდავი სცენები გასულ წელს უკვე ვნახეთ საქართველოდან. ყველა ასაკის მოქალაქეს ეკავა საქართველოს და ევროკავშირის დროშები, აჩვენებდნენ ძლიერ კავშირს დემოკრატიასთან, ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ევროკავშირისადმი საქართველოს გზასთან. მაშინ მმართველმა პარტიამ და მთავრობამ საჯარო პირობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მსგავსი კანონპროექტი არასდროს დაბრუნდებოდა.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. ნათელია, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. თუ მიღებული იქნება, ის ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე.

ქართველების მომავალი ევროკავშირშია. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც გასულ წელს მიენიჭა [საქართველოს], ჩვენი ურთიერთობები ყველაზე მეტად დააახლოვა. ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელმაც წვლილი შეიტანა ქვეყნის ევროკავშირის წევრობისკენ წარმატებასა და პროგრესში.

შემოთავაზებული კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობებს შეზღუდავს. გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და არასამართლიანად მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებების სტიგმატიზაციას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს ასევე გავლენას მოახდენს ევროკავშირის საქართველოს ხალხისადმი მხარდაჭერაზე, ვინაიდან მისი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს”, - განაცხადა ლენარჩიჩმა.

მისი თქმით, ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას ითხოვენ.

„ევროკომისიამ თავის გაფართოების ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, კონკრეტულად კი 9 ნაბიჯი. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, საქართველოსგან ელიან, რომ კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობაში იქნება. კონკრეტულად მოვითხოვთ დემოკრატიის პრინციპებისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას. ამ ძირითად სფეროებში მხოლოდ არსებითი და შეუქცევადი პროგრესი ადგენს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და სისწრაფეს”, - აღნიშნავს ევროკომისარი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს