ლევან მაჭავარიანი - ლოგიკიდან ამოვარდნილია: უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოხდა, უნდა დასუსტდეს „ქართული ოცნება“ და ჟანგბადი მიეცეს აგენტურულ ოპოზიციას, რაც კითხვებს აჩენს

ლევან მაჭავარიანი - ლოგიკიდან ამოვარდნილია: უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოხდა, უნდა დასუსტდეს „ქართული ოცნება“ და ჟანგბადი მიეცეს აგენტურულ ოპოზიციას, რაც კითხვებს აჩენს

ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარის მსგავსი მიდგომა ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და მმართველი გუნდის დასუსტებას ისახავს მიზნად.

„ეს დამოკიდებულება არის ძალიან არათანმიმდევრული, ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან - არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ ამბობ, რომ უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, უნდა დასუსტდეს "ქართული ოცნება" და უნდა მიეცეს დამატებითი ჟანგბადი აგენტურულ ოპოზიციას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არათანმიმდევრული მიდგომები გადაიხედება და პასუხები იქნება გაცემული," - განმარტა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს. მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.