„ოპოზიციის ალიანსი“ - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუ-სთან და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის - ეს არ არის პარტიული დღე, ეს დღე შექმნა ხალხმა

„ოპოზიციის ალიანსი“ - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით თსუ-სთან და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის, კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის - ეს არ არის პარტიული დღე, ეს დღე შექმნა ხალხმა

ხვალ, 28 ნოემბერს, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება სამშობლოს ღალატი, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს, არამედ ქართველ ხალხს ეკუთვნის, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საზოგადოებას „ოპოზიციის ალიანსის” განცხადება გააცნო.

როგორც მან თავად აღნიშნა, ხვალინდელი დღე არ არის კონკრეტული პარტიის ან ადამიანის კუთვნილება, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელმაც 2 წლის წინ ამ დღეს „გმირული წინააღმდეგობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ევროპული მომავალი დაიცვა”.

„2024 წლის 28 ნოემბერს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს უღალატა, მისი ეროვნულ ინტერესები ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და საქართველოს ევროპული მომავალი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამ თვალსაზრისით, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ღალატის დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა გმირული წინააღმდეგობით საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ევროპული მომავალი დაიცვა. ამ ქვეყანას ევროპულ მომავალსა და სახელმწიფოებრიობას თუ რამე უნარჩუნებს, ეს არის სწორედ ქართველი ხალხის გმირული უპრეცედენტო წინააღმდეგობა. ამ ხალხმა სისტემური წამება, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიტიკური პატიმრობა და ყველანაირი ჯოჯოხეთი გადაიტანა, რაც ივანიშვილის რეჟიმს შეეძლო ქართველი ხალხისთვის დაეპირისპირებინა, მაგრამ ხალხი დგას ფეხზე, წინააღმდეგობასა და ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა აუცილებლად საქართველოში ივანიშვილის, რუსეთის მარცხით და ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

ხვალ, 28 ნოემბერს, ამ დღიდან 2 წლის თავზე, ჩვენ ვიკრიბებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საღამოს 7 საათზე და ეს უბრალოდ სიმბოლური შეკრება არ არის. დღეს, როდესაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დასკვნით ეტაპზეა, მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ყოველდღიურად გრძელდება სამშობლოს ღალატი, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს ქვეყანა არა ერთ რუს ოლიგარქს ეკუთვნის, არამედ ქართველ ხალხს. საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის გარანტი ქართველი ხალხია. ჩვენ არა თუ უკან დახევას არ ვაპირებთ, არამედ ჩვენ ბოლომდე, გამარჯვებამდე ბრძოლას ვაპირებთ, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება, ევროკავშირისა და ნატოს წევრი არ გახდება, სანამ საქართველოს მოქალაქეების სიმშვიდე, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ იქნება უზრუნველყოფილი და ეს ქვეყანა არ გავა სამშვიდობოს. ასე რომ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ეს არ არის პარტიული დღე, რომელიც რომელიმე ორგანიზაციას და ერთ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, ეს არის დღე, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნის, შექმნა ქართველმა ხალხმა და ეს კამპანია, რომელიც ხვალინდელი აქციის გარშემოა, რომელშიც ბევრი სხვადასხვა ადამიანია ჩართული, ამას ადასტურებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ საღამოს 7 საათზე შევიკრიბოთ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საიდანაც თავისუფლების მოედნის მიმართულებით მარში გაიმართება”, - განაცხადა ლემონჯავამ.