პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის საქმეზე ოთხ მსჯავრდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მსჯავრდებულებიდან ერთმა თავად გამოთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სურვილი. რაც შეეხებათ დანარჩენ მსჯავრდებულებს, მათი პოზიციის გარკვევის, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს.
უწყების ცნობით, სურვილის შემთხვევაში, მათ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეუძლიათ.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო.
კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით, ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განაჩენით.
მითითებულ საქმეზე ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა სურვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გარკვევის მიზნით, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, დახმარებისთვის მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს.
თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























