დავით მათიკაშვილი - ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილების დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი - ამ ადამიანების მიერ მიღებულ რეზოლუციას არ აქვს მნიშვნელობა

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართული საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ევროპარლამენტის რეზოლუციებს, იქ არსებულ დებატებს იმდენად აქვს ყავლი გასული, სააკაშვილის მეგობარი ევროპარლამენტარები ამ ყველაფრის დემონსტრირებას იმდენად არაფრის მომცემი ტყუილი ნარატივის პირობებში და ფორმატში ახდენენ, რომ მათ თვითონ ევროპარლამენტარებიც აღარ უსმენენ. ეს უკვე მერამდენე ე.წ. დებატია. დებატი იმართება სავსე დარბაზში, საინტერესო საკითხებზე, როდესაც სულ მცირე, ნახევარზე მეტი დეპუტატი მაინც ესწრება. უკვე მერამდენედ ვხედავთ აბსოლუტურად ცარიელ დარბაზს. რამდენიმე ადამიანი ზის ისე, რომ შეიძლება თვალმა ვერც კი შეამჩნიოს მათი იქ ყოფნა. სააკაშვილთან განსაკუთრებულ მეგობრობაში მყოფი დეპუტატები გამოდიან და იმდენად დიდ ტყუილებს საუბრობენ, რომ ამ ტყუილების მოსმენა, როგორც ხედავთ, თვითონ ევროპარლამენტარებსაც აღარ სურთ.
ღიმილის მომგვრელიც აღარ არის, როდესაც საუბრობენ ბურჭულაძეზე, იმ ადამიანზე, რომელმაც რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე. მან პირდაპირ დარაზმა ხალხი და მოუწოდა, როგორ უნდა მოეხდინათ ამ გეგმის რეალიზება, რასაც ერქვა ხელისუფლების პრაქტიკულად ხელში ჩაგდება. შემდგომი განვითარებული მოვლენებიც ვნახეთ, როგორ ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, გასაღები როგორ უნდა ჩაებარებინათ რევკომის მეორე წევრის, ზოდელავას მოწოდებით. ეს ადამიანები, მათ შორის ზოდელავა, გამოდიან და აღიარებენ დანაშაულს, ითხოვენ საპროცესო შეთანხმებას. ამ თხოვნას სახელმწიფო ადეკვატურად უდგება და შესაბამის ნაბიჯს დგამს. ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც დანაშაული არის აღიარებული, ევროპარლამენტში სააკაშვილის მეგობრები, ძმაკაცები ისევ გამოდიან და ამბობენ, რომ, არა ბატონო, ეს ყველაფერი თურმე, არის ტყუილი და ეს დიდი ევროპული დონის მომღერალი არის ტყუილუბრალოდ ციხეში. როგორც ვნახეთ, ამ სისულელის, ამ ტყუილის დაჯერება, თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ღია სხდომაზე, ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი. ეს ყველაფერი არაერთგზის ნახა ჩვენმა საზოგადოებამ. ამ ადამიანების მიერ მიღებულ არანაირ რეზოლუციას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა, დღეს კი რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

























