პატრიარქი - სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად - არამც და არამც! - ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარება

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც!.., - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ შევასრულოთ ღვთის ნება.
„დღეს წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალ იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნების შესახებ, რომელიც ბოროტი სულების მთელი ლეგიონით იყო შეპყრობილი. ამ ეპიზოდში ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ბოროტმა სულებმა, მიხვდნენ რა, რომ დადგა დასასრული მათი ამ საწყალ კაცზე ბატონობისა, სთხოვეს უფალს, ნება მიეცა მათთვის, ღორების კოლტში შესულიყვნენ (ლკ. 8, 26-33).
აქედან ჩანს, რომ ღვთის ნებართვის გარეშე მათ ამის გაკეთება არ შეეძლოთ. ასევე ჩანს, რომ მათი ძალა არ არის ჭეშმარიტი, პირუტყვებზეც კი არ აქვთ ძალაუფლება; მაგრამ ჩნდება შეკითხვა: რატომ დართო ნება უფალმა ღორებში შესვლისა?! როგორც კი შევიდნენ, მათ ხომ დაღუპეს ისინი?! – ღორების კოლტი კლდიდან წყალში გადაეშვა და დაიღუპა.
როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უფალმა ეს გააკეთა ჩვენი სულიერი სარგებლისთვის, რათა გავიგოთ, რამდენად სძულს ბოროტ სულს ღვთის ნებისმიერი ქმნილება. იმდენად სძულს, რომ როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ დაეღუპა ეს საწყალი პირუტყვები. და ასევე, რათა გავიგოთ, რომ მით უმეტეს, სძულს ადამიანი; შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ზუსტად ასე მოექცეოდა ადამიანებს და ერთ წამში დაღუპავდა მთელ კაცობრიობას. თუ ამას არ აკეთებს, მას მხოლოდ ღვთის ძალა უშლის და აკავებს.
და აი, ამ ქალაქის მცხოვრებლებმა როცა ეს ამბავი გაიგეს, იმის მაგივრად, მადლობა ეთქვათ, გახარებოდათ და ქალაქში დაეპატიჟათ, გამოდიან უფალთან შესახვედრად და სთხოვენ, შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. მათ შეეშინდათ, რომ თუ ის ქალაქში შევიდოდა, მათთვის ჩვეულ ცხოვრების წესს დაარღვევდა. ფიქრობდნენ, რომ ისედაც რამხელა ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა ის ჯერ კიდევ არ იყო ქალაქში შემოსული და როცა შემოვა, რაღას იზამსო?! ამიტომ სთხოვეს განშორება (ლკ. 8, 34-37).
აი, ეს არის, ძვირფასო ძმებო და დებო, ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როცა ადამიანს ეშინია, თავის სულში, თავის ცხოვრებაში შემოუშვას ღმერთი. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ავიღოთ ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს (გვსმენია ასეთი გამონათქვამები): „მე ხომ არ ვარ მონაზონი, ბერი, რომ იგივე მომეთხოვებოდეს, რაც მონაზვნებს – ისეთივე სულიერი მხურვალება, სწრაფვა. მე ხომ ერისკაცი ვარ, განა შეიძლება იგივე მომეთხოვებოდეს?!“. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, არანაირი სულიერი ღვაწლი, ვალდებულება არ იტვირთოს, მაშინ ის ძალიან ემსგავსება ამ ღადარინელებს, რომლებმაც სთხოვეს უფალს, მოშორებოდა მათ ქალაქს.
ამასთან დაკავშირებით შესანიშნავად მსჯელობს დიდი მამა, წმინდა იოანე ოქროპირი. დღეს ძალიან მინდოდა, მოკლე ამონარიდი წამეკითხა თქვენთვის ამის თაობაზე. ის წერს: „ძალიან ცდები და თავს იტყუებ, თუ ფიქრობ, რომ ერთი მოეთხოვება ერისკაცს და სხვა – მონაზონს. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ერთი ქორწინდება, მეორე კი – არა. დანარჩენ ყველაფერში კი მათ თანაბარი პასუხისმგებლობა აქვთ. მაგალითად, ვინც ამაოდ განურისხდება ძმას, იქნება ის ერისკაცი თუ მონაზონი, თანაბრად შეურაცხყოფს ღმერთს. ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, იქნება ის ერისკაცი თუ მონაზონი, თანაბრად დაისჯება სიძვისთვის და ასეა ყველა სხვა დიდი მცნების შემთხვევაშიც. მაგალითად, როცა უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა“, „მგლოვარენი გულითა“, „ნეტარ არიან მშვიდნი, მოწყალენი, წმინდანი გულითა, მშვიდობისმყოფელნი, სიმართლისთვის დევნულნი“ და ასე შემდეგ, იგი არ ახსენებს არც ერისკაცს, არც მონაზონს. ასეთი დაყოფა ადამიანის გონებამ შემოიტანა (გულისხმობს დაყოფას პასუხისმგებლობის თვალსაზრისით), წერილი კი არ იცნობს ამას და სურს, ყველამ მონაზონივით იცხოვროს, თუნდაც, რომ ჰყავდეთ ცოლები. ასე რომ, – ასკვნის წმინდა იოანე ოქროპირი, – ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვება, რაც მონაზვნებს, ყველა ადამიანი უნდა ავიდეს ერთსა და იმავე სიმაღლეზე. სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარება და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ“ .
აი, ასეთი საოცარი სიტყვებია, ძვირფასო ძმებო და დებო!
ასე რომ, დავფიქრდეთ დღეს მოსმენილ სწავლებაზე და ყველანაირად ვეცადოთ, შევასრულოთ ღვთის ნება; ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი, რომ არ გავხდეთ ამ განკურნებულ ღადარინელ ეშმაკეულზე უარესი, რომელმაც განკურნებისთანავე, უმალვე ისეთი სიბრძნე გამოავლინა, რომ ძალიან ღირსეული მაგალითი გახდა ყველასთვის“,- აღნიშნა პატრიარქმა.

























