თორნიკე ჭეიშვილი გვარამიას შუამდგომლობაზე - პარლამენტი შეზღუდული იქნება იმსჯელოს საკუთარი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტაზე - როდესაც პარტია არაკონსტიტუციურად ცხადდება, დამოკლეს მახვილივით ამის დატოვება, უხერხული იქნება

ერთთვიანი ვადა იქნება თუ გვიანდელი ვადა, პარლამენტის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, პარლამენტი შეზღუდული იქნება იმით, რომ ვინაიდან შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ არის ამოქმედებული, იმსჯელოს თავისივე წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ეს დიდ უხერხულებას ქმნის - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის წევრი, თორნიკე ჭეიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას შუამდგომლობას, რომელიც პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მინიმუმ ერთთვიანი ვადის დადგენას სთხოვდა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით ერთგვარი პრეროგატივა, რომ გვიანდელი ვადის გათვალისწინების შესახებ შესაბამისი ნორმა გადმოიტანოს.
„როგორი მოცემულობა შეიძლება მივიღოთ - ერთთვიანი ვადა იქნება თუ გვიანდელი ვადა, ერთი მხრივ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პოლიტიკური პარტია არის არაკონსტიტუციური, შესაბამისად, ის ექვემდებარება აკრძალვას და ამავდროულად, ამ რაღაც ვადის განმავლობაში, უკვე, ამ შემთხვევაში, პარლამენტის პერსპექტივიდან შევხედოთ საკითხს, პარლამენტი შეზღუდული იქნება იმით, რომ ვინაიდან შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ არის ამოქმედებული, იმსჯელოს თავისივე წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ეს დიდ უხერხულებას ქმნის.
პოლიტიკური პარტია ერთი მხრივ არის არაკონსტიტუციურად გამოცხადებული და მისი წევრი, წევრთა ჯგუფი, ფრაქცია ან ა.შ. გარკვეული ვადის განმავლობაში აგრძელებს მათ შორის, პარლამენტში საქმიანობას, თან იმგვარად, პარლამენტი ვერ სარგებლობს 39-ე მუხლიდან გამომდინარე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია ამ კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით ერთგვარი პრეროგატივა, რომ გვიანდელი ვადის გათვალისწინების შესახებ შესაბამისი ნორმა გადმოიტანოს. ეს არის იმგვარი მდგომარეობა სახელმწიფოში, როდესაც პარტია არაკონსტიტუციურად ცხადდება, რომ დამოკლეს მახვილივით ამის დატოვება, შენარჩუნება, ასეთი რისკის წინაშე თავად კონსტიტუციური წესრიგის, დემოკრატიული წესწყობილების დაყენება, ძალიან უხერხული იქნება“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების, ანუ პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების კონკრეტული ვადა დაადგინოს და ის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის შემდეგ დადგეს.

























