შოლცის მთავრობის ინერცია გრძელდება, თუმცა ეს მხოლოდ შოლცის მთავრობა არ არის, ეს ადამიანების დიდი გუნდია, ვინც საქართველოსთვის ზიანის მისაყენებლად დარაზმული არიან, - ამას რასაკვირველია, თავისი პრაგმატული ინტერესი აქვს და ეს ბოროტი პრაგმატიზმია! – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
ვოლსკის თქმით, “ვითომ და არჩევნების გაყალბება, ვითომ და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებს გონება აურიონ, ამის უკან კი ბოროტი გეგმა და ბოროტი სტრატეგიაა, რაც ისეთი ხელისუფლების მოყვანას გულისხმობს, რომელიც გარკვეული ძალების მორჩილი იქნება“.
ამავე კონტექსტში ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “მარიონეტიზმი ჩვენი ოპოზიციის დაავადება, რომელიც განუკურნებელია“.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, საქართველოს შემთხვევაში კი, სანქციების პოლიტიკას უჭერს მხარს.
“რასაკვირველია, ეს ყველაფერი შედეგზეა გათვლილი. ბჭობა მიდის - რევოლუციის მათმა გეგმამ ვერ გაამართლა. ახლა საქართველოს ხელისუფლების მიმართ საჭიროა უფრო ხისტი დამოკიდებულება. რასაკვირველია, რაღაც მოგონილი მიზეზებით ასეთი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და ინტერესი აქვთ. ამაში აქტიურად ჩართულია რადიკალური ოპოზიცია. რაკი პროცესების რადიკალიზაცია ვერ ხდება, ისინი პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საჭიროა სრული საბოტაჟი, ეკონომიკური დარტყმები და საქართველოში ისეთი ვითარების შექმნა, რომ კრიზისულმა სიტუაციამ რადიკალურ ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის კიდევ უფრო მეტი მუხტი მოუტანოს და ბოლოს და ბოლოს, ეს რევოლუციური სცენარი შედგეს.
რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით თავის პოლიტიკურ ინტერესს ვერც გერმანია და ვერც მთლიანად ევროკავშირი ვერ მალავს. ევროკავშირი მრავალმილიონიან დახმარებას აძლევს სირიას, სადაც მოწინააღმდეგეების ხოცვა ჩვეულებრივი ამბავია, მათ შორის ბავშვების. ამ ფონზე კი, საქართველოს შემთხვევაში სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა ხდება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის ინტერესია, საქართველოს ხელისუფლებაში ხელის ბიჭად მარიონეტიზმით შეპყრობილი ოპოზიცია ჰყავდეს დასმული.
ვოლსკის შეფასებით, თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ამით ის „ყველა პრინციპს გადახაზავს და ფეხით გადაუვლის".
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ბერკეტს საქართველოზე საკუთარი გავლენის მოპოვების მიზნით იყენებს.
„ამით [უვიზო მიმოსვლის შეჩერება] ევროპა საერთოდ გადახაზავს, ყველა პრინციპს ფეხით გადაუვლის. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. 61 ქვეყანაა თუ მეტი, რომელსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა აქვს. ევროპა მიგრაციის ზრდით შეშინებულია, ევროპას მიგრაციის სერიოზული ტალღა მიაწვა, მათ შორის - მესამე ქვეყნებიდანაც. ასე რომ, ევროპას გარკვეული მიზნები გააჩნია და ამ მიზნებს დაუკავშირებს იმას, რომ ევროპის ქვეყნებში საკუთარი გავლენა გაზარდოს. ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ რაც შეიძლება მეტი გავლენის რესურსი ჰქონდეს.
საკითხი გადაწყვეტილი არ არის, რადგან ასეთ პოლიტიკას არამხოლოდ უნგრეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგება. აშშ-ს სახით მძლავრი მხარდამჭერი აღარ ჰყავთ. ასე რომ ბრძოლა მიმდინარეობს: ევროკავშირი - ჩინეთი, ევროკავშირი - აშშ-ი, რუსეთი, ჩინეთი და რაც მთავარია, უკრაინის ომი, რაზეც ევროკავშირს საკმაოდ მძიმე პოზიციები გააჩნია. ეს ყველაფერი განაპირობებს მათ გადაუდებელ აუცილებლობას, რომ რაც შეიძლება მეტი ბერკეტი ჰქონდეთ სამეზობლოში.
საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ. არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც ევროკავშირს სურს, იმედი და გეგმა აქვს, რომ სრული კონტროლი დაამყაროს. მას საქართველოში მარიონეტული რეჟიმი სჭირდება. აქედან გამომდინარე, ის სტანდარტი, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია - რომ იყო სამართლიანი - რასაკვირველია გადახაზული იქნება, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ საკითხის მიმართ ევროკავშირში ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.