GIPA TALKS-ის ფარგლებში, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებასა და საქართველოზე მისი გავლენის შესახებ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დისკუსია გაიმართა.
მოდერატორმა თენგიზ ფხალაძემ და დისკუსიაზე მიწვეულმა ექსპერტებმა - ალექსი პეტრიაშვილმა, გიგი გიგიაძემ, გოჩა ჯავახიშვილმა და სალომე შაფაქიძემ მსოფლიო დიდი გამოწვევების ფონზე ევროპულ უსაფრთხოებაზე და მის ახალ კონტურებზე ისაუბრეს, მიმოიხილეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვები, განიხილეს უკრაინაში რუსული აგრესია და მასთან დაკავშირებული სამხედრო ხარჯები თუ საჭიროებები.
ახალი მსოფლიო წესრიგისა და გლობალური პოლიტიკის ფონზე, სპიკერებმა საქართველოს პოზიციაზე ისაუბრეს და ქვეყნის ხელისუფლების საგარეო ურთიერთობები და პოლიტიკური კურსი განიხილეს.
"საქართველოში, ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის მმართველი რეჟიმი არის სრულ იზოლაციაში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხრიდან და ეს ძალიან ცუდია ქვეყნის უსაფრთხოებისა და განვითარების პერსპექტივის კუთხით. ძალიან ბევრი გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, რაც შეიძლება, სწრაფად შეძლოს საკუთარი უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი საგარეო პოლიტიკის წარმოების განახლება და დაწყება, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიმართება ახალი არჩევნები და გათავისუფლებული იქნებიან რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები", - განაცხადა ბუკა პეტრიაშვილმა.