„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის მათ იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით.
როგორც გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის მხრიდან გაზრდილია მომართვიანობა როგორც წერილობითი, ასევე სხვა საშუალებებით.
„საკანონმდებლო პაკეტის პირველ და მეორე მოსმენით განხილვის ფორმატში დავაზუსტებთ მკურნალობის ფორმებს, რათა ადამიანებს ხელი შევუწყოთ ებრძოლონ იმ მძიმე სენს, რასაც ნარკოდამოკიდებულება ჰქვია. ჩვენი მიდგომაა, რომ ერთი მხრივ, უმკაცრესი ბრძოლა გამოცხადდეს ნარკოტიკების გამყიდველების წინააღმდეგ და ამავდროულად, არსებობდეს სხვა საშუალებები ნარკოდამოკიდებულთა მიმართ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, " ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.