This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
მმართველ პარტიას დღეს ჩვენ უფრო დიდ საფრთხეს ვუქმნით, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობაში ვართ, ვიდრე ის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ოპოზიციას ვუწოდებთ, ამიტომ მთავარ დარტყმას მიიღებენ ის ადამიანები [სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები], რომლებიც „ქართულ ოცნებას“ როგორც რეჟიმს, ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ახალდაფუძნებული მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება.
ვახუშტი მენაბდეს შეფასებით, ეს არის სტიგმატიზაციის მცდელობა, რომ ადამიანები გარკვეული სახელის ქვეშ მოაქციონ და გააშავონ.
ამასთან, მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული კანონები აჩვენებს იმას, რომ მმართველი პარტია პროტესტს ძველი კანონებით ვეღარ უმკლავდება.
„დღეს ქვეყანაში სამართალი არ მოქმედებს, მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირებაა წინააღმდეგობის მოძრაობასა და რეჟიმს შორის. მმართველი პარტიის ამ ინიციატივას სამართლებრივი მიზნები არ აქვს, არამედ ეს პროპაგანდაა. სამშობლოს ღალატისთვის ადამიანის მსჯავრდადების შემოღება „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი მიზნით დასჭირდა, რომ პროპაგანდა გააძლიეროს. ეს სტიგმატიზაციის მცდელობაა, რომ ადამიანები გარკვეული სახელის ქვეშ მოაქციონ და გააშავონ. მმართველ პარტიას დღეს ჩვენ უფრო დიდ საფრთხეს ვუქმნით, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობაში ვართ, ვიდრე ის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ოპოზიციას ვუწოდებთ. ზოგიერთ შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის ასეთი ოპოზიცია საჩუქარიც კი არის, იმდენად სუსტები არიან. დღეს 50 პოლიტპატიმარია ქვეყანაში და ამ ადამიანებს არავითარი პოლიტიკური აფილიაცია არ გააჩნიათ. ამიტომ ამ კანონის შემდეგ, მთავარ დარტყმას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ როგორც რეჟიმს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის. დღეს ისე არავინ არის დაცული, როგორც პოლიტიკური პარტიები, ამიტომ „ქართული ოცნება“ ეცდება ყველანაირი საშუალების გამოყენებით, მიმდინარე პროტესტი ჩაახშოს. „ქართული ოცნება“ ძველი კანონებით ვერ უმკლავდება ამ პროტესტს, ამიტომ ახალი უსამართლო კანონები შემოაქვთ“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
ვახუშტი მენაბდემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა 17 თებერვალს დაფუძნებული მოძრაობის - „სოციალური დემოკრატიისთვის“ გეგმებსა და მიზნებზე. მისი თქმით, მოძრაობის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის კერები გაძლიერდეს და პროტესტი პატარა ჯგუფების ალიანსად იქცეს.
„ჩვენი მოძრაობა დაფუძნდა ისეთ თანაბარ საწყისებზე, წვერებს შორის, როგორი თანასწორიც გვინდა ეს ქვეყანა იყოს, რომ ყველას მიუწვდებოდეს ხელი ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ სიკეთეებზე, სწორედ ამიტომ არ გვყავს ხელმძღვანელები.
მოძრაობის მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ და გავაძლიეროთ არსებული წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც დღეს ამ რეჟიმის დასამარცხებლად იბრძვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ წინააღმდეგობიდან ახალი საქართველო იბადება. ჩვენ გვინდა, ჩვენი მთელი ეს გამოცდილება და კავშირები გამოვიყენოთ, რომ დამატებითი მოტივაცია შევქმნათ ამ წინააღმდეგობაში ჩართულობისათვის. ვცდილობთ, რომ კონკრეტული თემების გარშემო საზოგადოებრივი ჯგუფები მოვაბილიზოთ. ამ პროტესტმა აჩვენა, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანობაა საჭიროა. ჩვენ გვაქვს მყარი კავშირები სხვადასხვა საპროტესტო კერებთან საქართველოში და გვინდა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ. პროტესტი უნდა იქცეს პატარა ჯგუფების ალიანსად. აქამდე პროტესტი ემყარებოდა ინდივიდუალურ ძალისხმევას, ახლა ადამიანებმა უნდა იპოვონ საკუთარი თავი და გაერთიანდნენ ჯგუფებად თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, კონსტიტუციონალისტი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ამგვარი დამოკიდებულება ამაღლობელის და სხვა დაკავებულების მიმართ მეტყველებს იმაზე, რომ მათ ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ უღირთ.
„მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული ბრალდება არის აბსოლუტურად უსამართლო, ის მუხლი, არაპროპორციულია, ამიტომ მისი პროტესტი სამართლიანია, როგორც ბათუმელი მედროშის. ერთადერთი ჩვენ რაც მოსამართლეებზე შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ისინი კლანის გავლენის ქვეშ არიან და მას ექვემდებარებიან, კლანი კი „ქართული ოცნების“ დაქვემდებარების ქვეშაა. ამიტომ სამართლიანობას არ ველოდებით. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ პატიმარი ასეთ მდგომარეობაში ჰყავდეს, ნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფრად არ უღირს. „ქართული ოცნება“ დემონსტრირებს საკუთარ ძალაუფლებას, მაგრამ ამ დემონსტრირებიდან ძალიან დიდი უძალობა გამოსჭვივის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.