„ქართული ოცნება“ „ფეიკ“ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ზაზა ოქუაშვილი ინგლისის სასამართლოში დამარცხდა ბიძინა ივანიშვილთან და თითქოს სასამართლომ ოქუაშვილის მტკიცებულებები ფალსიფიცირებულად მიიჩნია.
სინამდვილეში კი, ლონდონის სასამართლომ 2025 წლის 7 აპრილს მიღებულ განჩინებაში, რომელიც უკავშირდებოდა განსჯადობას (იურისდიქციას), მნიშვნელოვანი დასკვნები გამოიტანა ივანიშვილის შესაძლო უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სარჩელი ივანიშვილის წინააღმდეგ წარმოადგენს სერიოზულ საკითხს, რომელიც ინგლისის სასამართლოს განხილვას ექვემდებარება.
მოსარჩელეთა მიერ დოკუმენტების დამატებითი ჩაბარების შემდეგ, ლონდონის სასამართლოში განახლდება სარჩელის განხილვა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ოქუაშვილის სასამართლო პროცესი ივანიშვილის წინააღმდეგ ლონდონის სასამართლოში გრძელდება.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს", - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.