საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

Другие новости на сегодня
ბორის სოკოლოვი - საქართველოში რომ ჩინეთმა რუსეთი ჩაანაცვლოს, ამის შანსებს ვერ ვხედავ

უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე, რა გავლენა მოახდინა რუსულ საშინაო პოლიტიკაზე „პრიგოჟინის ბუნტმა“ და პრიგოჟინის სიკვდილმა, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მოსკოვის გააქტიურება, ასევე იმაზე, მოსკოვიდან როგორ ჩანს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ჩინეთთან დაახლოება, „ინტერპრესნიუსი“ რუს ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, უკრაინა რუსეთის ომის გრძელდება, კოლექტიური დასავლეთი აგრძელებს უკრაინის იარაღით მომარაგებას, უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს მხარეების დაპირისპირების ზოლზე.

ამის პარალელურად რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას. უკრაინა სულ უფრო ხშირად დრონებით უტევს რუსულ ქალაქებსა და აეროპორტებს. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე ხდება?

- უკრაინა ცდილობს კონტრშეტევის იმ ადგილებში განხორციელებას, სადაც ამის შესაძლებლობას ხედავს. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობები ამის თქმა ჭირს, რადგან, დიდი ბრძოლები მიმდინარეობს ყველა იმ მიმართულებებზე, რომელზეც უკრაინელები აქტიურობენ.

ვხედავთ, რომ ამ ბრძოლებში დანაკარგები აქვს ორივე მხარეს. უკრაინის ძალები გარკვეულ მონაკვეთებზე ახერხებენ წინსვლას, მაგრამ, ეს წინსვლა ჯერჯერობით ისეთი არაა, რომ უკრაინის სერიოზულ წარმატებებზე შესაძლებელი იყოს საუბარი. რა შედეგი ექნება უკრაინის კონტრშეტევას, ეს ალბათ უფრო შემოდგომის ბოლოსთვის გვეცოდინება.

- ფრონტის ხაზებზე მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთი ცდილობს უკრაინა მოლაპარაკებებზე დაითანხმოს და აიძულოს იგი დათმობებზე წავიდეს. კიევი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მინსკი-3-ის შეთანხმება არ შედგება, რადგან მოსკოვთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

მათი თქმით, რუსეთი ცდილობს იმ პოზიციების შენარჩუნებას, რომელიც დღეს აქვს დაკავებული და კონფლიქტის გაყინვას. რამდენად რეალიზებადია მოსკოვის გეგმები?

- საომარი მოქმედებების ინტენსიურად მიმდინარეობის ტემპებსა და მხარეებს შორის დაპირისპირების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, უახლოეს ხანებში უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე ტიპის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს ის პოზიციები, რომელიც დაკავებული აქვს და ცდილობს დიპლომატიურ დიალოგზე უკრაინის დაყოლიებას, მაგრამ, როგორც ვთქვი, ამგვარი შესაძლებლობა სულ უფრო ნაკლებია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. რუსული მხარე ამას რომ ვერ ახერხებს სწორედ იმის გამო ცდილობს თავად გადავიდეს შეტევაზე. ამის მაგალითია ხარკოვის ოლქის მიმართულებაზე რუსული ჯარის გააქტიურება.

- 10 დღეზე მეტია უკრაინული დრონები ბომბავენ რუსულ ქალაქებს, უკრაინული დრონების გამო მოსკოვის აეროპორტები ხშირად იხურება.

როგორ რეაგირებს და რა გავლენას ახდენს რუსულ საზოგადოებაზე უკრაინა-რუსეთის ფრონტებზე მიმდინარე ომი და მისი შედეგები?

- ომი უკრაინაში არანაირ გავლენას ახდენს რუსულ საზოგადოებაზე. თუმცა, იმის გამო, რაც ხდება საზოგადოებაში იზრდება შიშისა და წუხილის განცდა, მაგრამ ადამიანები ინდივიდუალურად ცდილობენ ამ შიშებთან გამკლავებას. ეს პროცესი რჩება საჯარო სივრცეში საზოგადოების რეაქციის გარეშე.

- გვერდს ვერ აუვლით პრიგოჟინის სიცოცხლის ტრაგიკულად დასრულების ისტორიას.

პრიგოჟინის სიკვდილით დასჯით რისი დემონსტრირება სურდა პრეზიდენტ პუტინს და პრიგოჟინიადის დასრულებით მან შეძლო იმ მიზნების მიღწევა, რაც უნდოდა?

- პრიგოჟინის ისტორიამ ყველას ანახა, რომ პუტინი მოღალატეებს არ ინდობს. მმართველ ვერტიკალში ალბათ ახლა უფრო შიში დომინირებს. როგორც ჩანს, პრიგოჟინის ისტორიის დასრულება სწორედ ამას ისახავდა მიზნად.

ჩემი დაკვირვებით, პრიგოჟინის სიკვდილს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი არ ჰქონია. შესაძლოა, სახელისუფლებო ჯგუფებთან დაახლოებულმა ჯგუფებმა და მმართველი რგოლის მაღალ ეშელონებში მყოფებმა ადამიანებმა გამოიტანეს მომხდარიდან გარკვეული დასკვნები.

მაგრამ, რასაც მე ვაკვირდები, ჯერ კიდევ ცოცხალი პრიგოჟინის აქტიურობის მიმართ არ ჰქონია ინტერესი საზოგადოების უდიდესს ნაწილს. ახლა როცა ის მკვდარია, მის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებაში შეიძლება ითქვას ინდიფერენტულია.

- მაშინ კითხვას ასე დავსვამ - უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ შეძლო პუტინმა საზოგადოებისა და მმართველი ვერტიკალის კონსოლიდირება?

- პრიგოჟინის ბუნტის მცდელობამ გვაჩვენა ხელისუფლების სისუსტეები სხვადასხვა დონეებზე. მხედველობაში მაქვს ამ ბუნტის დროს სხვადასხვა უწყებების შეთანხმებული და გაუგებარი ქმედებები.

პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ რამდენად მოხდა მმართველი რგოლის კონსოლიდირება მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში თუ გავიგებთ. ამგვარი კრიზისის მიზეზი შეიძლება იყოს პრიგოჟინის ბუნდის მსგავსი ბუნტის გამეორება, ანაც უკრაინის ბრძოლის ველზე რუსული ძალების დამარცხება.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინმა რუსეთში გამოაცხადოს მობილიზაცია?

- ამ ეტაპზე რასაც ვადევნებთ თვალს ვითარება ასე გამოიყურება - რუსეთის ხელისუფლება ახერხებს ომში დანაკარგების შევსებას.

საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას თავისი უარყოფითი რამ შეიძლება მოჰყვეს. კერძოდ ის, რომ ეს სწრაფად გამოიწვევს პრობლემების შექმნას სამხედრო ეკონომიკის დაგეგმარებაში.

მხედველობაში მაქვს ის, რომ დიდი რაოდენობის ჯარში გაწვეულების სწრაფად გადამზადება ასე მარტივად არ ხდება და ვერც მოხერხდება. ასე რომ, არა მგონია ამ ნაბიჯზე ხელისუფლება წავიდეს. თან როგორც ვთქვი, საყოველთაო მობილიზაციის საჭიროება, როგორც ჩანს, ხელისუფლებას არ აქვს.

- მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, მოსკოვი საქართველოსთვის იცლის.

მხედველობაში მაქვს რუსი დიპლომატისა და პოლიტიკური მოღვაწის, ფედერალური საბჭოს წევრის ვიზიტი ცხინვალში, სადაც მან განაცხადა - „რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა აღიარონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ რუსეთი ჩინეთისა და ინდოეთისგან ითხოვდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და ამ ქვეყნებმა ანგარიში გაუწიონ კრემლის მოთხოვნას?

- ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ ჩინეთი და ინდოეთი წავლენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე. საქმე იმაშია, რომ ეს ქვეყნები თავად არიან მრავალეროვნული და ამიტომ მათ საკმაოდ ბევრი პრობლემები აქვთ.

ვიმეორებ, არ ვფიქრობ, რომ პეკინი და დელი გაითვალისწინებენ მოსკოვის ამ თხოვნას.

- კარასინის ეს განცხადება თბილისში ნაწილმა პროვოკაციად შეაფასა, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მოსკოვი თბილისს აშანტაჟებს და დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნება - თუ საქართველომ გააგრძელა ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლა და თავად არ გაერთიანდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთი ორივე ამ კონფლიქტურ ტერიტორიებს მიიერთებს.

მესამე ნაწილი კი თვლის, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიისთვის ამზადებს ნიადაგს. რამდენად საფუძვლიანია თბილისში ამგვარი აღქმების არსებობა?

- მიჭირს კონკრეტული პასუხის გაცემა. შესაძლოა, კარასინის განცხადება მხოლოდ დიპლომატიური განცხადება იყოს, რომლის უკან ბევრი არც არაფერი დგას და არც რაიმეა მოსალოდნელი.

რაც შეეხება რუსეთის გეგმებს. რუსეთს სრულიად აწყობს საქართველოს პრორუსული ხელისუფლება და უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოზიცია.

- უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოზიცია რაში ვლინდება?

- ვლინდება იმაში, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით მიიღოს მისთვის საჭირო პროდუქცია, არ ეხმარება უკრაინას და ერთმნიშვნელოვნად არ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

ეს არის ის, რაც რუსეთს საქართველოსგან უნდა და ამ ეტაპზე აწყობს და ეს მისთვის საკმარისია.

- ბრძანეთ, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით მიიღოს ის, რაც მას სჭირდება. ამ თემებზე მომუშავე ადამიანები ამას წინათ იყვნენ საქართველოში და მათ არ უთქვამთ, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ავლით საქართველოდან იღებს რამეს?

- ფაქტი ისაა, რომ საქართველოდან რუსეთში იმპორტი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რუსეთი მესამე ქვეყნებიდან საქართველოს გავლით იღებს რაც სჭირდება. საქართველო არ შეერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

- საქართველოს ხელისუფლების ამგვარმა პოლიტიკამ სად შეიძლება მიიყვანოს საქართველო?

- ამგვარი პოლიტიკით სად აღმოჩნდება საქართველო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი. თუ უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთი დამარცხდა, საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება. თუ უკრაინა-რუსეთის ომი ფრედ დასრულდა, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას აქვს შანსი შეინარჩუნოს ძალაუფლება.

- წლის ბოლოსთვის საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ევროპული რეკომენდაციები საქართველოს შესრულებული არ აქვს.

ბევრი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს რეკომენდაციების შეუსრულებლობის მიუხედავად, დათქმებით მიიღებს. ამ თვალსაზრისით, სავარაუდოდ, რა შეიძლება მოხდეს?

- იმ პოლიტიკით, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

თუმცა, ამის მისაღწევად შესაძლო ვარიანტი იყოს სააკაშვილის გათავისუფლება. ან, თუნდაც საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირება. მაგრამ, არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება ან სააკაშვილს გაათავისუფლებს, ანაც რუსეთში ექსპორტს შეამცირებს.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოფიციალურად აქვს გაცხადებული, რომ სურს ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, ამ ზაფხულში საქართველოსა და ჩინეთის მთავრობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება რომ სტრატეგიული პარტნიორები არიან.

მოსკოვიდან როგორ გამოიყურება საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა.

- არა მგონია რუსეთი საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას დიდ ყურადღებას აქცევდეს. საქართველოში რომ ჩინეთმა რუსეთი ჩაანაცვლოს, ამის შანსებს ვერ ვხედავ.

შესაძლოა, ჩინეთსა და საქართველოს ჰქონდეთ ერთმანეთთან დაახლოების სურვილი, მაგრამ, ჩინეთი საქართველოსგან საკმაოდ შორსაა და პეკინისთვის სამხრეთ კავკასია არც ისე მნიშვნელოვანი რეგიონია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიმართულებით ჩინეთმა გარკვეული ნაბიჯი გადადგა, ფაქტია ისაა, რომ ამ ნაბიჯებს შემდეგი ნაბიჯები ჯერ არ გვინახავს და თუ ვნახეთ, შესაძლოა, ისინი ისეთი დიდი არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

მარინა ჩიტაშვილი - ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკურ აქტივობას, რომ ჩემს ქვეყანაში ავტორიტარიზმი არ გაფორმდეს
ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნების“ განზრახვაა, 21-ე საუკუნეში ანდროპოვისა და ჩერნენკოს დროინდელი წესრიგის, სახელმწიფო აპარატისა და უშიშროების მარწუხებში მოქცეული, კორუფციაში ჩამხრჩვალი ავტორიტარიზმის განმტკიცება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.04.2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები
ტერაბანკი და „შაინ ენერჯი“ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მსურველებს მწვანე სესხს სთავაზობენ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: აშშ-ის ტარიფები: ლარის კურსზე უფრო ნეიტრალური, ხოლო ზრდაზე ზომიერად უარყოფითი
Cashback-ის და Visa-ს სააღდგომო აქცია ლიბერთის მომხმარებლებისთვის
„თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის“ დამფუძნებელი ნათია ჯანაშია სკოლის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს
ბათუმში უძრავ ქონებაში ინვესტიცია: რა ქმნის რეალურ შემოსავალს?
trivo - ციფრული გადაწყვეტა საგადასახადო რისკების უკეთესად მართვისთვის
PSP ფარმას GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მეორედ მიენიჭა