საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
ივანე ჩხაიძე - სამედიცინო პერსონალის 72%-ია აცრილი, რაც გაცილებით დაბალი პროცენტია, ვიდრე უნდა იყოს

სამედიცინო პერსონალის 72%-ია აცრილი, რაც გაცილებით დაბალი პროცენტია, ვიდრე უნდა იყოს, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია მოიძებნოს მეთოდებიც, რომელიც მკვეთრად გაზარდის ვაქცინაციის ტემპს.

„პირველი და აუცილებელი კომპონენტი ეს არის მეთოდი, რომელიც დაიწყო 15 ოქტომბრიდან, რაც გულისხმობს ე.წ. იმუნიზაციის მარათონის ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა სოფელში. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ვაქცინაციაზე უარის თქმის არის ინფორმაციის ნაკლებობა. ადამიანებს არ სჯერათ კორონავირუსის, როგორც მძიმე დაავადების, არ სჯერათ მის მიერ გამოწვეული რისკების, ეჭვი ეპარებათ ვაქცინების ეფექტურობაში, უსაფრთხოებაში. ადგილზე ჩასვლა სოფლებში, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი, ეს დაიწყო მარათონის სახით, მაგრამ კარგი იქნება თუ არ შეწყდება. 1500 ვაქცინირებული ადამიანია, რა თქმა უნდა, ამას გამოძახილი ექნება და მოიმატებს, 3000 რომ გახდეს, დამაკმაყოფილებელი იქნება.

აუცილებლად მოსაძებნია სხვა ინტერვენციები, რომლებმაც შეიძლება უფრო მკვეთრად გაზარდონ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. ეს ჩამონათვალიც ჩვენთვის ცნობილია, ამაზეც დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. ასეთია მაგალითად, „მწვანე პასპორტის“ იდეა - ადამიანებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ ორჯერადი აცრა, ჰქონდეთ შესაძლებლობა შეზღუდვის გარეშე მიიღონ ის სერვისები, რომლებიც ჯერჯერობით ასეთი ღია არ არის - თეატრი, ბიბლიოთეკა, რესტორანი, ბარი, ღამის კლუბი. ეს ჩამონათვალი შეიძლება ძალიან ფართო იყოს, ადამიანი, რომელმაც მაღალი პასუხისმგებლობა აქვს და ჩაიტარა ვაქცინაცია, ამით უნდა სარგებლობდეს.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, აცრილია 72%. ვერ გეტყვით, რომ ეს მაღალი პროცენტია, რადგან აქ საუბარი არის სხვადასხვა ჯგუფებზე, ეს პროცენტი სამწუხაროდ გაცილებით დაბალია, ვიდრე უნდა იყოს. რეალურად 72%-ც რომ იყოს ექიმებს შორის, ჩვენ გვრჩება თითქმის 30% იმ ექიმებისა, რომელთაც ვაქცინაცია გაკეთებული არ აქვთ“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ ასევე ისაუბრა ხალხმრავალი საპროტესტო აქციებისა და შეკრებების დროს არსებულ რიკსებზე.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი აქციიდან ორი კვირის თავზე, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, შესაძლოა აღნიშნული სწორედ ამ შეკრებას და ზოგადად, მსგავსი ტიპის აქციებს დავუკავშიროთ.

„ნებისმიერი მრავალრიცხოვანი შეკრება, ღია თუ დახურულ სივრცეში, რისკის შემცველია. თავის დაცვა შესაძლებელია ერთადერთი გზით, თუ ყველა ადამიანი, რომელიც არის თავმოყრილი ან ორჯერადად არის ვაქცინირებული, ან თან ატარებს ნიღაბს. ყველა სხვა შემთხვევაში ეს არის ინფექციის გავრცელების რისკი. კორონავირუსს ერთი თვისება გააჩნია, შეიძლება ადამიანს საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომი, არ გრძნობდეს თავს ავად, მაგრამ იყოს სხვებისთვის გადამდები. სიმპტომები გამოუვლინდეს ორი დღის შემდეგ - ეს მისთვის დამახასიათებელი, ცუდი თვისებაა. ასეთი შეკრებების დროს, ინფიცირების მაჩვენებელი, მისი გაზრდა აბსოლუტურად ჩვეულებრივია და თუ ორი კვირის შემდეგ, იქნება მატება, პირდაპირ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის ნებისმიერი ხალხმრავალი შეკრების გამოძახილი. ასე ხდება ქორწილების დროს, უფრო მცირერიცხოვანი შეკრებების დროსაც. ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ღია სივრცეში იყო და ეს გარკვეულწილად, შეამცირებდა ინფიცირების მაჩვენებელს, მაგრამ რისკი მაინც არსებობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - სამწუხაროდ, არა ვარ დარწმუნებული, რომ აშშ-ს სენატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღებაზე „ქართულ ოცნებას“ ადეკვატური რეაქცია ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2025
ყაზბეგში „ვინჩეროს“ ახალი ფილიალი გაიხსნა
სილქნეტი: წლის დასაწყისიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 144 ათასი ლარის მხარდაჭერა გაუწია დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს