უზურპირების ზენიტი გვეგონა, რომ დაიპყრო სასამართლო სისტემა ივანიშვილმა და აღმოჩნდა, რომ კიდევ ყოფილა რაღაც დასაპყრობი და ეს დასაპყრობი არის ის, რომ პარტიებს ფული არ მისცენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ პარტიებისთვის დაფინანსების კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, დღეს, პარლამენტში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი იმ კანონპროექტის განხილვა იყო, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს.
„2017 წელს საქართველოში კურიოზული შემთხვევა მოხდა. არცერთმა იურიდიულმა პირმა ფული არ გადაურიცხა ოპოზიციურ პარტიებს. ოპოზიციას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდნენ ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენები 60 000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ყველას ეშინოდა იურიდიული პირის მიერ გადარიცხვა, ვინაიდან, ხვალ მივიდოდნენ და გაუნადგურებდნენ ამ ფირმას. ოპოზიციის დაფინანსება ავტორიტარულ რეჟიმებში და საქართველოს მსგავს სახელმწიფოში აღიქმება ისე, რომ ვინც აფინანსებს ოპოზიციას, ის არის მტერი. სამწუხაროდ, მაშინაც იყო ასეთი აღქმა და ეს ცოდვა გვაქვს კისერზე, მაგრამ ამ რვა წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ მაგალითად „კოკა-კოლამ“ ღიად რომ გადაურიცხოს ფული და თქვას, რომ მე მათ ვუჭერ მხარს და კანონის მიხედვით ვიქცევიო, მეორე დღეს შეიძლება მივიდეს საგადასახადო სამსახური და გაანადგუროს. პარტიების დაფინანსება არის საჭირო იმიტომ, რომ ის არ მოექცეს ოლიგარქის ქვეშ, ბიზნესის გავლენის ქვეშ, კლანების გავლენს ქვეშ. როდესაც შენ არანაირი დაფინანსება არ გაქვს ხალხისგან ეს ნიშნავს, რომ პარტიული ცხოვრებისთვის ვიღაცის ლობისტი უნდა გახდე. ნუ შევადარებთ ამას იმ ხელისუფლებას, საერთოდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს რაც კი რამე ფული არსებობდა, ივანიშვილი იმდენს ერთ დღეში ხარჯავს ზვიგენების შენახვაში. ამიტომ, ოლიგარქის ხელისუფლების დროს, ფულიანის ხელისუფლების დროს, არსებული პრობლემა ძალიან განსხვავდება თუნდაც იგივე პრობლემისაგან, რომელიც ჰქონდა სხვა ხელისუფლებას“, - განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღეს.