This is a modal window.
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
End of dialog window.
არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გააჟღერა, რომ კანონპროექტიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხი იქნება ამოღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც მიქაუტაძემ განმარტა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან ცოტა რესურსი და ინსტრუმენტი იმისათვის, რომ იმ კანდიდატთა კვალიფიკაცია შეაფასოს, რომლებიც მოსამართლეები არ არიან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურთ.
“ჩვენი ერთადერთი მექანიზმი არის გასაუბრება, რომელიც 20-30 წუთი გრძელდება. მოგვიწევს კანდიდატის კვალიფიკაცია ნახევარ საათში შევაფასოთ, რაც არარეალურია. ამიტომ არ მესმის დასაბუთება - თუ ადამიანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, რატომ არ უნდა სურდეს საკვალიფიკაციო გამოცდის გავლა, რაც არის ელემენტარული ტესტი, პირველი საფეხური, რომელიც კანდიდატმა მოსამართლეობისკენ უნდა გადადგას“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ.
მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა საკვალიფიკაციო გამოცდა გაიარონ, უნდა გადაიხედოს, - ასეთია ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია “საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს ეხება.
ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ “სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტს შეუძლია არამოსამართლე კანდიდატი იყოს უზენაეს სასამართლოში“.
“ამგვარი კვალიფიკაციის მქონე პირებს არ უნდა დააძალონ გამოცდაზე იმის დამტკიცება, რომ მათ შეუძლიათ სამართლის საკითხების გადაჭრა“, - წერს ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში.
უმრავლესობის კანონპროექტით განისაზღვრება პრინციპი, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.