ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანი არ არის საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება, ისინი ახმოვანებენ სასამართლო სისტემის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა ქადაგიძე აცხადებს. მისი განცხადებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი თითქმის ყველა საკითხზე პრინციპულად და უსაფუძვლოდ არ ეთანხმებიან საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოსაზრებებს.
„მინდა განცხადება გავაკეთო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის - ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ცილისმწამებლურ, უსაფუძვლო და პოპულისტურ განცხადებებთან დაკავშირებით.
დასახელებული პირები მუდმივად აცხადებენ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გადაწყვეტილებებს იღებენ შეთანხმებულად და საბჭოს მოსამართლე წევრებს ყოველთვის მხარს უჭერს რამდენიმე არამოსამართლე წევრი, მათ შორის, მე. მოგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახლავართ 2017 წლის მარტიდან. ჩემს კანდიდატურას საქართველოს პარლამენტში, ფარული კენჭისყრით, 90 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის შედეგად გავხდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და არჩევიდან დღემდე საქმიანობას ვახორციელებ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, განსხვავებით ანა დოლიძისგან და ნაზი ჯანეზაშვილისგან, რომლებიც არ არიან საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. მათი მიზანი არ არის საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება. ისინი დამოკიდებულნი არიან და ახმოვანებენ სასამართლო სისტემის მიმართ ოპოზოციურად განწყობილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებებს, რომლებიც მიზანმიმართულად ეწევიან სასამართლო სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მათი მიზანია, სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის მოხდენა და მათთვის სასურველი კადრების დანიშვნა, ხოლო, აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, თითქოს მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების სურვილით შენიღბულნი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან ცდილობენ გრანტების მიღებას. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მართულნი არიან ზოგიერთი სასამართლოს მიმართ ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ. ისინი სწორედ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელების დავალებით, მიზანმიმართულად ცდილობენ ტენდენციური და პოპულისტური განცხადებებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსახილველ ყველა საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შეფერხებას. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი თითქმის ყველა საკითხზე პრინციპულად და უსაფუძვლოდ არ ეთანხმებიან საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოსაზრებებს და ცდილობენ მოახდინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბლოკირება“, - აცხადებს ქადაგიძე.
მისივე განმარტებით, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს აფერხებენ.
„მე, დასახელებული ორი წევრისგან განსხვავებით, არ ვარ ვალდებული და დამოკიდებული პირი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, ისევე როგორც საბჭოს მოსამართლე თუ არასამოსამართლე წევრებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე წლების განმავლობაში ვმუშაობდი დამოუკიდებელ ადვოკატად საერთო სპეციალიზაციით და ჩემი დამოუკიდებელი საქმიანობა გაგრძელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც, განსხვავებით, აღნიშნული წევრების წარსული თუ ახლანდელი მიკერძოებული საქმიანობებიდან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აფერხებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ცდილობენ ხელი შეუშალონ ყველა საკითხზე საბჭოს გადაწყვეტილებების მიღებაში, თავიანთი პოპულისტური და პოლიტიკური განცხადებებით მუდმივად იყვნენ მედიის ყურადღების ცენტრში და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების შესახებ, რითიც მიზანმიმართულად ახდენენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას“, - აცხადებს ქადაგიძე.