"თელასში" აცხადებენ, რომ "Fact Check"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო წლებში თბილისში ელექტროენერგიის გათიშვების რიცხვმა იმატა, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც "თელასში" აღნიშნავენ, ბოლო წლების განმავლობაში მის ქსელში ავარიული გათიშვების რიცხვი კლებულობს. "თელასი" SAIFI-ს სისტემის მონაცემებს აქვეყნებს. SAIFI-ს სისტემა მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის გამოიყენება და წარმოადგენს მაჩვენებელს, რომელიც საშუალოდ ერთ აბონენტზე გათიშვების სიხშირეს ადგენს. 2011 წელს შიდა არაგეგმიური 3.069, ხოლო შიდა გეგმიური 0.461 გათიშვა დაფიქსირდა. 2012 წელს შიდა არაგეგმიური 1.653, შიდა გეგმიური 0.731, 2013 წელს შიდა არაგეგმიური 1.411, შიდა გეგმიური 0.835, 2014 წელს - შიდა არაგეგმიური - 1.166, შიდა გეგმიური - 0.815, 2015 წელს შიდა არაგეგმიური - 1.080, შიდა გეგმიური - 0.960.
რაც შეეხება, "Fact Check"-ის მასალას, მასში მოყვანილ მონაცემებში უზუსტობაა დაშვებული. კერძოდ, SAIFI-ის სისტემით გამოთვლა შესაძლებელია ორი განსხვავებული მეთოდით. "Fact Check"-ის მიერ წარმოდგენილ ცხრილში 2011-2014 წლების მონაცემები, რომელიც დათვლილია ერთი მეთოდით, არის შედარებული 2015 წლის მონაცემებთან, რომელიც დათვლილია მეორე მეთოდით, რაც არის ყოვლად დაუშვებელი.
