საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საჯარო რეესტრის სააგენტოდან აცნობეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უმთავრეს მიზანს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რასაც ემსახურება არაერთი ელექტრონული პროგრამა, რომლებიც იძლევა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით მოძიებისა და გაცნობის შესაძლებლობას.
"თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ISO 27001 -ის დანერგვა დაიწყო. ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ სააგენტოს ვებგვერდიდან "რობოტი პროგრამების" საშუალებით ხდებოდა დიდი მოცულობის ინფორმაციის გენერირება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა სააგენტოს ელექტრონული პროგრამების მუშაობას, საფრთხეს უქმნიდა მის გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უშლიდა სხვა მომხმარებლის მიერ ინფორმაციის სწრაფად მოძიების პროცესს.
სწორედ ამ პრობლემის დაძლევის მიზნით, სააგენტომ შეიმუშავა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი დამატებითი მექანიზმები. ერთ-ერთი მათგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საძიებო სისტემაში (https://enreg.reestri.gov.ge) დანერგილი დამცავი კოდი, რომელიც იცავს სააგენტოს ელექტრონულ პროგრამებს გადატვირთვისგან და უზრუნველყოფს დაცული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას. ამ მექანიზმით შეიზღუდა სააგენტოს ვებგვერდიდან ინფორმაციის მხოლოდ "რობოტი პროგრამების" საშუალებით გენერირება.
ინფორმაციის მასობრივი გენერირების შეზღუდვა სააგენტოს მხრიდან არ წარმოადგენს ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპის ხელყოფას, რადგან მის მიერ შექმნილი, დამუშავებული და მასთან დაცული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ამავადროულად, საჯარო ინფორმაციის მატარებელი სისტემიდან დიდი მოცულობის ინფორმაციის გენერირება შესაძლებელია სპეციალური ვებსერვისების საშუალებით, რაც სააგენტოს მიერ აპრობირებულ პრაქტიკას წარმოადგენს. სააგენტოსთან შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე, ვებსერვისების საშუალებით, ინფორმაცია შეუფერხებლად მიეწოდება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეხედულება ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის თაობაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ, სააგენტო აცხადებს მზადყოფნას თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენელეთა მონაწილეობით, საერთაშორისო გამოცდილებისა და იმ რისკების შესაფასებლად, რომლებმაც აღნიშნული ცვლილება განაპირობეს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იმედს იტოვებს, რომ მის მიერ დანერგილი ფართოდ გამოყენებადი ელექტრონული სერვისები კვლავაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საზოგადოებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას", -ნათქვამია განცხადებაში.