ოპოზიციონერმა დეპუტატმა გივი თარგამაძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დაასახელა, რომლებიც დეპუტატის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოში იმყოფებოდნენ.
თარგამაძემ შს მინისტრს მიმართა, რომ მისი წარმომადგენელები "საჭირო ქურდების" დეპორტაციისა და ექსტრადირების ინიცირებას ახდენენ, ჩამოჰყავთ აეროპორტში, მაგრამ არ აჩერებენ და პირდაპირ თურქეთში უშვებენ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ისინი ფულს იხდიან, შემოჰყავთ ქვეყნაში და მერე გადაჰყავთ თურქეთში. გივი თარგამაძის განცხადებით, თურქეთში ჩადიან სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები და თანხმდებიან, რომელი "მაყურებლებით" უნდა გაკონტროლდეს ციხე. ამ კონტექტში თარგამაძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელი ახსენა და განაცხადა ისიც, რომ დარბაისელი მოხსნამდე და მოხსნის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილის მამასთან მეგობრობს.
"ბატონო ლექსო, მოვისმინეთ, რომ თქვენი პრინციპია, რომ ებრძოლოთ მათ, მაგრამ გეტყვით, რომ საქმე მარტო "რემენას" არ ეხება. ცხრა ადამიანი: რამაზ ციკორიძე, გია გიორგაძე, ჯემალ მამოიანი, პოლიკარპე ჯანელიძე, გელა ქარდავა, გიზო ქარდავა, გიორგი ჯანელიძე, მამუკა ჭკადუა, რომან ბარბაქაძე, მირიან გორაძე არიან საქართველოში ექსტრადირებული, ან დეპორტირებული და გინდა გვითხრათ, რომ ისინი პარაშუტით სადღაც გადახტნენ. ყველამ იცის, რომ "რემენა" იყო ჭიათურაში. აშენებდა რაღაც ეკლესიას – მიიყვანეს ის, მოუყვანეს ახლობლები. ამას მათ ენაზე ჰქვია "მანილნა". გიზო ქარდავა ტყეში ჰყავდათ სამი დღე. ფული მოიკითხა ვისგანაც იყო დავალებული. ფულის ნაწილი თქვენს თანამშრომლებს დაუტოვა, ნაწილი თურქეთში წაიღო. ქალბატონო თეა, თქვენ რომ მკვლელების მემორიალი გახსენით – როგორც გაირკვა, ვაზაგაშვილს, როგორც მინიმუმ, ორი კაცი ჰყავს მოკლული და მამამისი, ბატონი იური – იგივე იურა ოსი, რომელსაც დასაბუთებულად გაუთავებული ჰყავს ხალხი, ბატონ კუბლაშვილს მორალს უკითხავდა. მემორიალის გახსნა ყველაზე საზარელი ფაქტია და თქვენ, ეს მომერიალი რომ გახსენით, ერთი კვირის შემდეგ იმ მემორიალთან მამოიანი იდგა. იგივე გორაძე, ლავასოღლი – მას სხვადასხვა გვარები აქვს. ისე არის მირიან გორაძე და როცა ჩვენ მის შესახებ ვთქვით, ქალბატობმა ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ გორაძე ძებნაში არ იმყოფება, ხოლო მინდია აბაშიძეს არ გადმოუკვეთია საზღვარი. ამ ადამიანს კიდევ ერთი პასპორტი გაუკეთებია და არის გურამ გურამის-ძე აბაშიძე, რომელზეც წუთების და წამების მიხედვით მოგაწვდით, როდის შემოვიდა უკრაინიდან, მერე თურქეთში როდის გავიდა, როდის შემოვიდა თურქეთიდან და როდის გავიდა. ძებნაში არის გურამ გურამის-ძე აბაშიძე განსხვავებით იმისგან, რაც თქვენ თქვით. ამ სიტუაციიდან თქვენ გამოსავლი არა გაქვთ. ის, რომ ილა კეჭაყმაძე – კახი კალაძის უახლოესი ადამიანი, "რემენას" დახვდა და წაიყვანა, ამაში კი არ არის საქმე. საქმე არის გაცილებით უფრო უარესი. საქმე არის იმ ადამიანში, ვისაც ყველაზე დიდი პრემია მიეცით – საქმეა დარბაისელში. როცა გიზო ქარდავა ჰყავდათ ტყეში, მაშინ ჩამოყალიბდა ეს სისტემა. თქვენ ხომ იცით, რითი მოხვედით ამ ხელისუფლებაში. მთელი ციხე რომ ყვიროდა "ახლა ბიძოს დროა", ამით მოხვედით და გაეცით იმხელა კრედიტი, რომელსაც ვერ მოერევით", - განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძეს გამოსვლის საფუძველზე პრემიერს ეჭვი თავად გივი თარგამაძის ქურდული წარსულის შესახებ გაუჩნდა.
"ბატონი გივი თქვენ ქურდი ხართ?! - ქურდულ სამყაროში კარგად ერკვევით. მგონი თქვენ ხართ ქურდი, ყოველ შემთხვევაში, წარსულ ცხოვრებაში. სანამ თქვენ ხელისუფლებაში იყავით, მგონი ქურდი იყავით. კარგად უნდა შევისწავლოთ ბატონი გივის ბეგრაუნდი. მგონი, წარსულში, წინა ცხოვრებაში ქურდი იყო. კარგად ერკვევით. აქ ერთი ებრაული ანდაზა მახსენდება - როცა უღირსად გელაპარაკებიან და სიცრუეს გაბრალებენ, კამათში არ უნდა აჰყვე, რადგან მესამე პირი ვერ გაარჩევს ამ ორ ადამიანს შორის განსხვავებას", - მიმართა ღარიბაშვილმა თარგამაძეს და მის ბრალდებებს "უსაფუძვლო" და "უზნეო" უწოდა.