"ლიბერთი ბანკმა" 382 484 აგრო ბარათი გასცა. როგორც "ინტერპესნიუსს" "ლიბერთი ბანკიდან" აცნობეს, ბანკის მიერ გაცემული 382,484 აგრო ბარათიდან იმერეთში გაიცა 64 320, კახეთში – 57 338, სამეგრელოში – 44 287, ქვემო ქართლში – 44 270, შიდა ქართლში – 40 551, აჭარაში – 35 771, თბილისში – 31 919, სამცხეში – 23 517, გურიაში – 21 537, მცხეთა-მთიანეთში – 12 252, რაჭაში – 5 347, სვანეთში – 1 375.
"ლიბერთი ბანკი" "აგრო ბარათის" პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად 2014 წლის 17 თებერვლიდან ახორციელებს. პროექტი ვრცელდება ფერმერებზე, რომელთა მფლობელობაშიც 1.25 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია. პროექტების მართვის სააგენტო ფერმერებს "აგრო ბარათზე" ურიცხავს დახმარებას (ქულებს) საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის შესაძენად.
"აგრო ბარათზე" დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელია "ლიბერთი ბანკის" პოსტერმინალების საშუალებით, 800-ზე მეტ ობიექტში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით განაღდებული ქულების რაოდენობა 7.6 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის, ბარათზე დარიცხული ქულების გამოყენების შედეგად, მიწის დამუშავება უკვე 140 ათასამდე ფერმერს გაუადვილდა.
"აგრო ბარათი" PAY სისტემის ბარათია და მისი მიღება ფერმერს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში შეუძლია. ის წარმოადგენს სრულყოფილ მულტისავალუტო საბანკო ბარათს, რომლის მოქმედების ვადაც 10 წელია. ბარათის მფლობელებს დამატებით შეუძლიათ: თანხის განაღდება და ანგარიშსწორება "ლიბერთი ბანკისა" და "თიბისი ბანკის" ბანკომატებსა და POS ტერმინალებში; ანგარიშზე თანხის განთავსება და 5%-იანი სარგებლის მიღება; 10%-დან 50%-მდე ფასდაკლების მიღება 100-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში; კომუნალური გადასახადების გადახდა და ბალანსების შემოწმება მობილური ტელეფონით", _ განმარტავენ "ლიბერთი ბანკში".