თითქმის ერთი წელია თბილისს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში ახალი მერის და მისი გუნდის მიერ და ჯერ კიდევ რა გამოწვევების წინაშე რჩება დედაქალაქი, „ინტერპრესნიუსი“ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ერთი წელი გავიდა, რაც დედაქალაქს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. პირველ რიგში რომ შეაფასოთ, რამდენად ეფექტურია კახა კალაძის, როგორც მერის საქმიანობა?
- კახა კალაძე ძალიან წარმატებულად ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს. ის ძალიან ენერგიულად და წარმატებით ჩაერთო პირველივე დღიდან. მისი მერობის პირველივე წელს თბილისის ბიუჯეტი 74 მლნ ლარით გაიზარდა, რამაც ქალაქს მეტი საშუალება გაუჩინა. ეს არის თანხები, რომლებიც ძირითადად მიმართულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშოების განსახორციელებლად. ასევე, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის. იცით, რომ ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების სრული რეაბილიტაცია ხდება და ამაში საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება.
დედაქალაქში დაიწყო და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები სხვადასხვა მიმართულებებით. მინდა გამოვყო სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა.
დედაქალაქში დაგეგმილია ავტობუსების პარკის სრული განახლება, მეტროს მოდერნიზაცია, მიკროავტობუსების მოწესრიგება-ჩანაცვლება, სატრანსპორტო მარშუტების განახლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.
წლის ბოლოსთვის დედაქალაქში შემოვა „მანის“ მარკის 90 ახალი ავტობუსი, რისთვისაც ტენდერი უკვე ჩატარდა. ახალი ავტობუსების შეძენის პროცესი გრძელდება, უკვე დაწყებულია 220 ახალი ავტობუსის შეყიდვის პროცესი და 2019 წლის ბოლომდე ქალაქის ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება. დაახლოებით 150 ავტობუსს „იბიარდის“ დახმარებით იქნება შეძენილი, რისთვისაც ორგანიზაციამ ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოაცხადა. ასევე, „აზიის განვითარების ბანკის“ დახმარებით მიმდინარეობს 90 ერთეული ელექტროავტობუსის შეძენასთან დაკავშირებული პროცედურები.
მინდა ასევე თქვენი ყურადღება შევაჩერო, მეტროზეც. მეტროს უკვე 4 მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატა, რამაც გამოიწვია მეტროს ბაქნებზე მგზავრთა მოცდის რეჟიმის სამ წუთამდე შემცირება. სულ დაგეგმილია 12 შემადგენლობის დამატება, რაც საშუალებას მოგვცემს პიკის საათის დროს მგზავრთა მოცდის შუალედი 2,5 წუთამდე შემცირდეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტრო სადგურების: “სამგორის“,“ავლაბრისა“ და „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ასევე, საპროექტო სამუშაოები, რომელიც ჯამში 10 მეტროსადგურის რემონტს ითვალისწინებს.
ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მიზანი მგზავრთა სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა და ჰაერის დაბინძურების ხარისხის მნიშვნელოვანი შემცირებაა.
- მინდა ტაქსებთან დაკავშირებით გკითხოთ. კახა კალაძემ ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი მასშტაბური რეფორმა დააანონსა, რომელთა შორის ერთ–ერთია სწორედ ტაქსების რეფორმა. ყველა თანხმდება, რომ ეს რეფორმა აუცილებელია, თუმცა საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში სხვა უამრავი სატრანსპორტო პრობლემაა. ამ ფონზე რამდენად იყო ტაქსებთან დაკავშირებული საკითხის პირველ რიგში მოგვარების აუცილებლობა?
- მე ვერ დაგეთანხმებით, რომ მერიამ ტაქსების რეფორმით დაიწყო. ტაქსების რეფორმა ამ სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი ქალაქის ცხოვრებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლის გაზრდასა და ინდივიდუალური ტრანსპორტის მოხმარების შემცირებაზე გაკეთდება. ამასთან, ძალზედ მნიშვნელოვანია ტაქსების რეფორმა, რომელიც ახალი, კომპლექსურად გააზრებული სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია. ეს რეფორმა მოგეხსენებათ, ახლახანს დაიწყო. ამა წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა.
ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათები დაწესდება. თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და აქვს 4 კარი, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
- ახლახანს კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზება გააჟღერა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ტაქსის თეთრ ფერში გადასაღებად ნაკლები დანახარჯები ჰქონდეთ. საამისოდ ორი წლის განმავლობაში საკუთარ ტაქსზე კომპანიის რეკლამა უნდა განათავსონ. ექსპერტები საუბრობენ, რომ ეს არის კაბალური პირობები მძღოლებისთვის, რადგან რეკლამის საფასური ორი წლის განმავლობაში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ავტომობილის გადასაღებად საჭირო თანხა. ეს რამდენად ადეკვატური შეთავაზებაა მძღოლებისთვის?
- როგორც მოგეხსენებათ, რეფორმის მეორე ეტაპი მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ტაქსის ვიზუალური სტანდარტის შემოღებას ითვალისწინებს. ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, ტაქსის მძღოლებს უსასყიდლოდ გადაეცემათ ავტომანქანის შეღებვის ვაუჩერი. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით კი, ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები.
ეს მძღოლებისთვის შეთავაზებაა და არა ვალდებულება. სურვილის შემთხვევაში, მძღოლს საშუალება ექნება, არ გაწიოს ხარჯი, რომელიც შესაძლოა, ტაქსის ფერის შეცვლასთან იყოს დაკავშირებული. ეს კი მოხდება არა ბიუჯეტის სახსრებით, არამედ კერძო კომპანიის მიერ მძღოლის ტაქსზე რეკლამის სანაცვლოდ. აღნიშნული ნებაყოფილობითია. მძღოლს თუ ექნება სურვილი, ეს სამუშოები თავად გაწიოს, რა თქმა უნდა, ეს მისი ნებაა. საუბარი იმის შესახებ, რომ ვინმე ცუდ პირობებში აღმოჩნდება ან ვინმესთვის არასწორი გადაწყვეტილების მიღება ხდება, სწორი არ არის. პირიქით, ვფიქრობ, ეს ტაქსის მძღოლისთვის ლოგიკური და გონივრული შეთავაზებაა. ეს არის ტაქსის მძღოლებისთვის შესაძლებლობა, დანახარჯის გარეშე საკუთარი ავტომობილი ტაქსის ნებართვის მისაღებად საჭირო კონდიციამდე მიიყვანოს.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს ამ ყველაფრისთვის არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.
- როგორ მოხდება კომპანიის შერჩევა? ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ამ უფლების ერთი რომელიმე კომპანიისთვის მინიჭება კორუფციის ნიშნებს გააჩენს.
- მსგავსი შეფასება ვფიქრობ, არასწორია. ერთი კომპანიის შერჩევა მოხდება თუ რამდენიმესი, ამაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ბიზნესისთვის მიმზიდველი იყოს, სამართლიანი, კანონმდებლობის სრული დაცვით და ამასთან დაკავშირებით კითხვები ნამდვილად არ იარსებებს.
- მინდა გკითხოთ, ასევე, ტაქსის მძღოლების სამუშაო პირობებზეც. ხომ არ დაუწესდებათ მათ სამუშაო გრაფიკი? მძღოლების უდიდეს ნაწილს ახლა თავისუფალი გრაფიკი აქვს, თუმცა როგორ იქნება შემდეგ, როცა მათ ვალდებულება ექნებათ რეკლამა გაუკეთონ კონკრეტულ კომპანიას? რამდენად შეძლებენ ისინი მუშაობას ისევ იმ საათებში, როცა ამის სურვილი ექნებათ და მანქანებზე კონკრეტული კომპანიის რეკლამის განთავსება რაიმე დამატებით ვალდებულებას ხომ არ დაუწესებს?
- არანაირ შეზღუდვებზე და სამუშაო გრაფიკის დაწესებაზე აქ საუბარი არ არის. საუბარია მხოლოდ იმაზე, რა ტიპის ტაქსებს შეეძლებათ ნებართვის მიღება. მძღოლები არ იქნებიან შეზღუდული – რა გრაფიკითა და დოზითაც შეუძლიათ, ისე იმუშაონ. ამაზე საუბარი არ არის. დედაქალაქის მთავრობა მათ ასევე სთავაზობს ქალაქის ეკონომიკურად აქტიურ ზონებში უფასო საპარკინგე ადგილებს, რათა მუშაობისთვის უფრო მეტი კომფორტი ჰქონდეთ. არანაირ შეზღუდვაზე და სამუშაო დროის ლიმიტებზე აქ საუბარი არ არის.
- სხვა თემებზეც რომ ვისაუბროთ. თბილისის მერმა რამდენიმე თვის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსების მოძრაობის აუცილებლობას ვერ ხედავს და არ გამორიცხა, მერიამ გააუქმოს ხელშეკრულება კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“. ამ მიმართულებით მუშაობა თუ მიმდინარეობს და რამდენად შესაძლებელია თბილისში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იყოს?
- როგორც იცით, თბილისის მერიამ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსთან“ ხელსკრულება 2010 წელს გააფორმა. ამ ეტაპზე ქალაქის დაკვეთით სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. ფრანგული კომპანია „სისტრა“ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ დადებს ანალიზს, თუ როგორია ოპტიმალური სამარშრუტო ხაზები თბილისში. ეს ეხება ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რათა სამარშრუტო ხაზები მაქსიმალურად მეტროსთან კავშირში იყოს. ამ კვლევის ანალიზის შემდეგ ჩვენ სრული სურათი გვექნება.
- თბილისის გენერალური გეგმის ავტორები ქალაქის ხელისუფლებას მიწისზედა მეტროს ახალი ხაზის „გარდაბანი–ლილოს“ მშენებლობას სთავაზობენ. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ პროექტზე მუშობა მომავალი წლიდან დაიწყოს? აქვე კიდევ გკითხავთ, როდის დაამტკიცებს საკრებულო გენერალური განვითარების გეგმას?
- თბილისის გენერალური განვითარების გეგმა საკრებულოშია და ამჟამად საზოგადოებრივი განხილვები მიმდინარეობს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ მას, დაახლოებით ნოემბრის დასაწყისში, დავამტკიცებთ, ხოლო 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგი ძალაში შევა.
გენერალური გეგმის მთავარი იდეაა მწვანე კომპაქტურად შეკავშირებული, მედეგი ქალაქის კონცეფცია, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ შემოგვთავაზა და მისი გაზიარება მოხდა თბილისის მერიისა და ჩვენს მიერ. იცით, ასევე, რომ 11 ლოკაციაა შერჩეული, რომლის მიხედვითაც შემდგომ ჩარჩო გეგმები დამუშავდება და ამ ტერიტორიების სწორი განვითარება მოხდება.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ მივიღებთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც რეალისტური და შესრულებადი იქნება.
რაც შეეხება ახალი მეტროსადგურის მშენებლობას, ,„სითი ინსტიტუტის“ მხრიდან ასეთი შეთავაზება ნამდვილად არის. მეტროს ასაშენებლად მოცულობითი კვლვებია ჩასატარებელი. ამ კვლევებისა და ტექნიკური გადაწყვეტების შესრულების შემდგომ გახდება ცნობილი ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.
- კიდევ ერთი აქტუალური თემაა – პარკირების საფასური. თუ არის განსაზღვრული ქუჩები, სადაც პარკინგისთვის საფასური დაწესდება? რამდენი იქნება მაქსიმალური და მინიმალური თანხა საათში?
- 2019 წლის პირველი ნახევრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. პარკირები რეგულირების მიზანი სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვაა. ამავე მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით, მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებასა და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას გულისხმობს.
ამ საკითხზე, ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, ვთქვათ მეტი დეტალი, თუ რა ფორმით და როგორ მოხდება პარკირების სისტემის რეფორმა. ამ ეტაპზე ძნელია თქმა, რა საფასური დაწესდება. საერთო სატრანსპორტო პოლიტიკიდან გამომდინარე გვექნება გარკვეული გადაწყვეტილებები და მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით, თუ რა სისტემა და სერვისი იქნება, როგორი ზონირება და რომელ ლოკაციებზე. სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის მზად იქნება პროექტი, რომლზეც დაიწყება განხილვები და გაგრძელდება მუშაობა.
- გკითხავთ, პანორამა „თბილისთან“ დაკავშირებით. ბოლო პერიოდში ამ პროექტის მიმართ ყურადღება განელდა. რამდენად კარგი იქნება საბოლოოდ ეს პროექტი?
- იცით, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად მილიარდობით ინვესტიციაზეა საუბარი. ასეთ ინვესტიციაზე ნებისმიერი ევროპული, კარგად განვითარებული ქალაქიც კი ისურვებდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ასეთი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში ქალაქში გაჩნდება ერთ-ერთი მიმზიდველი სარეკრეაციო სივრცე, ბევრი დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქით.
ასე, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენს თანამოქალაქეებს დადებითი განცდა აქვთ და მოლოდინი.
- რამდენად ისარგებლებენ ამ პროექტის სიკეთით საშუალო შეძლების ადამიანები? ძალიან ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ ეს არ იქნება ხელმისაწვდომი საშუალო ფენისთვის.
- გავიმეორებ, რომ მთლიანობაში „პანორამას“ პროექტით და მათ შორის თაბორის მთის ამგვარი განვითარებით შეიქმნება ადგილი და სივრცე, რომლის სიკეთეებით სარგებლობაც ყველა ჩვენი თანამოქალაქისთვის იქნება შესაძლებელი. პროექტი სავარაუდოდ, 2020 წელს დასრულდება. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ტარდება მასშტაბური ღონისძიებები.
- გვაინტერესებს, ქალაქის ხელმძღვანელობას ხომ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება "ელიავას ბაზრობის" გადატანასთან დაკავშირებით და კონკრეტულად, რომელი ალტერნატიული ადგილი განიხილება?
- რაც შეეხება "ელიავას ბაზრობას", არა მარტო ეს ლოკაცია, არამედ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი ის ადგილი, რომლისთვისაც უნდა დამუშავდეს კონკრეტული ჩარჩო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მის ფუნქციას. ამ ჩარჩო გეგმაზე მუშობა კი უკვე წლის ბოლოს, თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მხარე, როგორც ამ ტერიტორიის მესაკუთრეები, საზოგადოება და ქალაქის ხელმძღვანელობაც ვთანხმდებით იმაზე, რომ იმ სახით, რა სახითაც ახლა "ელიავას ბაზრობა" არის, არ უნდა იყოს. ჩარჩო გეგმის დამუშავების შემდეგ, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კერძო და საჯარო ინტერესების თანხვედრით იქნება მიღებული.
- რა სიახლეები იგეგმება თბილისში გამწვანების კუთხით?
- ქალაქის გამწვანებისთვის 24 მლნ ლარია გამოყოფილი და სერიოზული ღონისძიებებია დაგეგმილი. კერძოდ, ქალაქში არაერთი სკვერის პროექტი დამუშავდა და პარკების განახლების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის გენერალური გეგმით განსაზღვრულია რამდენიმე საქალაქო პარკის მშენებლობა და ამაზეც გარკვეული გადაწყვეტილებებია მიღებული. ასე რომ, ეკოლოგია და მათ შორის გამწვანება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ შვიდი მიმართულებიდან, რომელიც კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო. გენგეგმის მიხედვითაც ჩვენ ამ მიმართულებით საინტერესო შემოთავაზებები გვაქვს.
თქვენ იცით, რომ უკვე შევთავაზეთ სიახლე საზოგადოებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ მშენებლობის ნებართვის აღების დროს დეველოპერს, მესაკუთრეს, ინვესტორს აქვს ვალდებულება მერიის შესაბამის უფლებამოსილ სამსახურთან შეათანხმოს დენდროლოგიური პროექტი საამშენებლო ობიექტზე.
ვფიქრობ, ეს ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გარდა ამისა, ამჟამად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება არაერთი საპარკო სივრცის დაპროექტება და რეაბილიტაცია–განახლება.
მოკლედ, ბევრ მიმართულებას შევეხეთ. ყველა ის მიმართულება, რაზეც ვისაუბრეთ: ბიუჯეტის ზრდა, უკვე დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მიმართულებით განსახორციელებელი პროექტები, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა, ძველი თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, რომელიც მასშტაბურ სამუშოებს ითვალისწინებს და სხვა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთაც.
მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტით კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს და ინიციატივას შევთავაზებთ მოსახლეობას. ბიუჯეტის პროექტის განხილვა ნოემბერ-დეკემბერში მოხდება და სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის დავამტკიცებთ.
ეკატერინე ბახუტაშვილი
„ინტერპრესნიუსი“