გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, თეიმურაზ მანველიშვილის მიერ აქციის მონაწილისთვის თავზე ნაკელიანი ურნის თავზე ჩამომხობის ფაქტზე შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს: ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. აღნიშნული მუხლის გ ქვეპუნქტი გულისხმობს ძალადობის განხორციელებას ორი ან მეტი პირის მიმართ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ძალადობა მხოლოდ ერთი პირის მიმართ არ ყოფილა.
ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესასვლელთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას მოჰყვა. სამოქალაქო მოძრაობა ,,რუსეთი ოკუპანტია“-ს წევრმა ახალგაზრდებმა ადმინისტრაციული შენობის კიბეზე ნაკელი და მარცვლეული (საკენკი) დაყარეს და გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტის მიზეზი მერის განცხადება გახდა, მათი თქმით, დევნილებთან შეხვედრისას, თავზარაშვილმა აგვისტოს ომის დაწყებაზე ორაზროვანი განცხადება გააკეთა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი „ზანგად“ მოიხსენია.
გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტერიტორიის დანაგვიანების გამო დააჯარიმეს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თეიმურაზ მანველიშვილმა კი, აქციის მონაწილე მაქარაშვილს ურნა, რომელშიც ახალგაზრდები მერიის კიბიდან აკრეფილ მარცვლეულს და ნაკელს აგროვებდნენ, თავზე ჩამოამხო.