თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაახლოებით 2 კვირაში დამტკიცდება. ამის შესახებ მაია ბითაძემ დედაქალაქის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ამ წუთებში დოკუმენტს ავტორებთან - "სითი ინსტიტუტ საქართველოსთან" ერთად, უმრავლესობის დეპუტატებს და სამინისტროების წარმომადგენლებს აცნობენ.
როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, დოკუმენტში როგორც მერიის, ასევე, სამინისტროების შენიშვნებია გათვალისწინებული.
"დღეს გენერალური გეგმის პროექტი განხილული იქნება სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად, იმ დაწესებულებებთან ერთად, რომელთაც შენიშვნები ჰქონდათ გამოთქმული და ამ შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა გათვალისწინებულია გენერალური გეგმის პროექტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნები, რომელიც სრულად არის დოკუმენტში ასახული. მათ შორის, მეწყერსაშიში ზონების რეგულირების, ასევე ჭალაკალაპოტების ზონებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, უწყებებისთვის დოკუმენტის წარდგენა იქნება ბოლო ეტაპი. ამის შემდეგ დასკვნით ეტაპზე გადავა საკრებულოს სხდომები და დაახლოებით, 2 კვირაში ვიმედოვნებთ, საკრებულო გენგეგმის დამტკიცებას უზრუნველყოფს. დოკუმენტი ძალაში 2019 წლის 1-ელი იანვრიდან შედის.
რაც შეეხება შენიშვნებს, გამწვანების რუკასთან დაკავშირებით იყო გარკვეული შენიშვნები, თუმცა, გაზაფხულზე, გენგეგმაზე მუშაობის შედეგად გამოიყო ტექსტუალური ნაწილი რომელიც პრაქტიკულად არ არსებობდა, დაზუსტდა რუკები, ზონები, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული კერძო და საჯარო ინტერესები საკუთრებებთან მიმართებით. ზონალობა დაეფუძნა იმას, რომ სამშენებლოდ აღარ განვითარდება მეწყერსაშიში და გეოლოგიურად აქტიური ზონები. გამოიყო საზოგადოებრივი საქმიანი ზონები, რომელიც მაღალი ინტენსივობით გამოირჩევიან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმის დანართში გვაქვს იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ გენერალური გეგმა პრაქტიკაში იქნეს განხორციელებული",- განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისთვის, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ქალაქის ტერიტორიების განვითარებითი მიმართულებების დადგენისას ოთხ ძირითად კონცეფტუალურ მოსაზრებას ეყრდნობა, მათ შორისაა: კომპაქტური ქალაქი, მწვანე ქალაქი, კარგად შეკავშირებული ქალაქი და მედეგი ქალაქი.