17-21 სექტემბერს, საქართველო ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) 28-ე ევროპის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) აცნობეს, კონფერენციაში 53 ქვეყნის 120-მდე დელეგატი მონაწილეობს. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, განიხილება ცხოველთა ჯანდაცვის, კეთილდღეობის და სურსათის უვნებლობის საკითხები. საკომისიო შეხვედრის ფარგლებშივე, შემუშავდება რეგიონის ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობისათვის საჭირო რეკომენდაციები, რომლებიც საბოლოო იმპლემენტაციისთვის, 2019 წლის მაისში OIE-ის დელეგატთა საერთაშორისო ასამბლეაზე დამტკიცდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, OIE კონფერენციის ერთ-ერთ საკომიტეტო სესიაზე განიხილება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) იმპლემენტაციასთან დაკავშირებული გამოწვევები. ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის (NAITS) ახალ, გაუმჯობესებულ მოდელზე გადასვლა 2016 წლიდან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
მისასალმებელ სიტყვაში იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე ბურკიმ.
მისი განმარტებით, იდენტიფიკაციის პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.
“საქართველოში ინერგება ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის თანამედროვე სისტემა და ჩვენ, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი, მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან, ავსტრიის თანამშრომლობის სააგენტოსა და FAO-თან ერთად ჩართული ვართ ამ პროცესში და ვეხმარებით საქართველოს მთავრობას ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში. აქვე მინდა აღვნიშნო შვეიცარიის კვების უსაფრთხოებისა და ვეტერინარიის ფედერალური ოფისის ჩართულობა, მათი ტექნიკური დახმარება პროექტის განხორციელებაში და მათი ექსპერტების მონაწილეობა ამ კონფერენციაში. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას,“- აღნიშნა ოლივიე ბურკიმ.
ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მოწვეულ დელეგატებს საშუალება ეძლევათ პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ OIE-ის ექპერტებთან და განიხილონ ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც გადამწყვეტია რეგიონში შემავალ ქვეყნებსა თუ სხვა სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობისას.
„OIE-ის საერთაშორისო კონფერენციის სამუშაო თემები ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ეხება, მათ შორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველური ნაწარმის მიკვლევადობას, რაც სურსათის უვნებლობის საფუძველია. OIE-ის კონფერენცია საშუალებას გვაძლევს ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და საერთაშორისო ექსპერტებისაგან მივიღოთ რეკომენდაციები, ყველა იმ საკითხზე, რომელიც საბოლოოდ პოზიტიურად აისახება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე“, - განაცხადა FAO-ს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ.
FAO-ს ინფორმაციით, ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 1924 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს ცხოველთა დაავადებების (მათ შორის ცხოველიდან ადამიანზე გადამდები) შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, პრევენციული ზომების დაგეგმვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ევროკავშირისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ყველა მოთხოვნა და რეგულაცია ეფუძნება OIE-ის საექსპერტო რეკომენდაციებს.
საქართველო OIE-ს ეგიდით ასეთი მაღალი რანგის კონფერენციას პირველად მასპინძლობს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებებიც, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ქართულ კულტურას და ტრადიციებს.